უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, რუსები კვლავ ცდილობენ მარტის ბოლომდე დონეცკისა და ლუჰანსკის სრულად აღებას.
"რუსები კვლავ ცდილობენ მარტის ბოლომდე დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების სრულად აღებას, ეს მათი მიზანია. რუსეთის დიდი შეტევა, რომელსაც ისინი მიზნად ისახავდნენ, უკვე "მიმდინარეობს". მაგრამ ეს გრძელდება ისე, რომ ყველა ვერც კი ხედავს ამას. მათ აქვთ სტრატეგიული ამოცანა - 31 მარტამდე მიაღწიონ დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებს", - თქვა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა.
ბუდანოვი ამბობს, რომ რუსეთის ფედერაციაში ფარული მობილიზაცია გრძელდება. ამასთან ის აღნიშნავს, რომ მტერს უკვე არ შეუძლია დანაყოფების ჯავშანტექნიკითა და ტანკებით უზრუნველყოფა. მისი თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთს წელიწადში 800 ტანკის წარმოება შეუძლია, სიმართლეს არ შეესაბამება.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტილვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.