ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან თემებს შორის შეხვედრა მხარეების შერიგებით დასრულდა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
ფორმულას ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რომ სხდომაზე რაიმე მოთხოვნები არ გაჟღერებულა, არამედ გადაწყვიტეს, რომ ცხოვრება ძველებურად გააგრძელონ, ის სადავო მუსლიმური სამლოცველო კი ჩვეულებრივად გააგრძელებს ფუნქციონირებას.
"სოფლის წარმომადგენლებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება დასაბამი ჩვენს ქვეყანაში მარადიულად მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ურთიერთპატივისცემისა", - განაცხადა სრულიად საქართველოს მუფთმა, ადამ შანთაძემ.
ბოლო ორი დღის განმავლობაში სოფელში საპროტესტო აქციები იმართებოდა. მუსლიმი თემი ხელისუფლებასთან შეხვედრას, სალოცავის მოწყობისა და უსაფრთხო ლოცვის შესაძლებლობას ითხოვდა.
ჩოხატაურის სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის შევიწროების და დევნის შესახებ 12 იანვარს გახდა ცნობილი. სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც 2 მუსლიმ თანასოფლელს ქვები დაუშინა და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც გაირკვა, დაპირისპირების მიზეზი მუსლიმი თემის მიერ კერძო სახლში მოწყობილი სამლოცველო გახდა, სადაც სოფლის მკვიდრი მუსლიმი თემი, რომლებსაც ადგილზე სხვა სალოცავი არ გააჩნია, იკრიბებოდა და ლოცულობდა.
მეორე დღეს, 13 იანვარს კონფლიქტი უფრო მეტად გამწვავდა, როდესაც ბუკნარის მკვიდრმა ქრისტიანმა თემმა, რომლებიც ყველაზე მსხვილ რელიგიურ ჯგუფს წარმოადგენენ ადგილზე, მუსლიმების მიერ სამლოცველოს მოწყობა გააპროტესტა, რასაც რელიგიური შუღლის ნიადაგზე დაპირისპირება და კონფლიქტი მოჰყვა.