logo
ENG



ბულგარეთი: 2011-2015 წლებში იარაღის საწყობების აფეთქების მიღმა რუსული სამსახურები დგანან

28 აპრ 202117:13
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/28/8eyw2th5ol9wj3f.jpg

ბულგარეთის პროკურატურის განცხადებით, აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2011-დან 2020 წლამდე ბულგარეთის იარაღის საწყობებში მომხდარი 4 აფეთქების უკან რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლები დგანან. 

ბულგარეთის პროკურატურის სპიკერის განცხადებით, "ამ დრომდე შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ალბათობით, შესაძლებელია დასკვნა, რომ რუსი მოქალაქეების მიზანს წარმოადგენდა საქართველოსა და უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების შეფერხება". 

2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს დაკარგული იარაღის შევსება სჭირდებოდა.

სიიკა მილევას განცხადებით, არსებობს გონივრული ეჭვი კავშირზე ამ აფეთქებებს, 2014 წელს ჩეხეთის საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებებსა და 2015 წელს ბულგარელი ბიზნესმენის, იარაღით მოვაჭრე ემილიან გებრევის, მისი შვილის და ერთი თანამშრომლის მოწამვლას შორის. 

მისივე განცხადებით, გამოძიება მტკიცებულებებს რუსეთის 6 მოქალაქემდე მიჰყავს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 4 აფეთქება ერთნაირი მეთოდებით მოხდა. პირველი 2011 წლის 12 ნოემბერს მოხდა. აფეთქდა საწყობი, სადაც EMCO-ს იარაღის მარაგი ინახებოდა და საქართველოში ექსპორტისთვის იყო განკუთვნილი. 

მეორე და მესამე აფეთქება 2015 წელს ქალაქ იგანოვოში, საწარმოო და შენახვის ობიექტზე, რომელსაც იარაღის სახელმწიფო მწარმოებელი VMZ Sopot იყენებდა. 

კიდევ ერთი ინციდენტი კი, ამ დრომდე საჯაროდ ცნობილი არ ყოფილა, 2015 წლის 31 მაისს, ქალაქ სოფიაში, სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში მომხდარმა ხანძარმა გაანადგურა გამომძიებლების მიერ 2 დღით ადრე აფეთქებების საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები. ხანძრამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის კონკრეტულმა მოქალაქეებმა დატოვეს ქალაქი. 

ასევე, 2020 წლის მარტში ხანძრის შედეგად განადგურდა დეტონატორის საცავი. ყველა შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ხანძრებს, რომლებიც წინ უძღოდა აფეთქებებს. 

სიიკა მილევამ არ დაასახელა რუსი მოქალაქეების სახელები, რომლებიც მომხდარის უკან დგანან, თუმცა, აღნიშნა, რომ სამ მათგანს ბრალად ედებათ ემილიან გებრევის მკვლელობის მცდელობა. 

პროკურორის თქმით, ყველა აფეთქება დისტანციურად მართული ბობმით მოხდა. 

2019 წლის ნოემბერში Bellingcat-მა და Insider-მა ერთობლივი გამოძიებით დაადგინეს, რომ 2015 წელს ბულგარელი ბიზნესმენის და მისი შვილის მოწამვლის უკან რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯაშუშები იდგნენ.

გებრევი იარაღით ვაჭრობდა და მათ შორის 2008 წელს შეიარაღებას საქართველოსაც აწვდიდა. 


close დახურვა