logo
ENG



ბუნდესტაგის დელეგაციის წევრი, თომას ჰაკერი ნიკა გვარამიასთან არ შეუშვეს

03 მაი 202314:57
3 წუთის საკითხავი
 

ბუნდესტაგის დელეგაციისა და თავისუფალ დემოკრატთა პარტიის წევრი, თომას ჰაკერი ნიკა გვარამიასთან არ შეუშვეს.

ჰაკერი მთავარი არხის გენერალური დირექტორის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

"რეალურად, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ნიკა გვარამია პატიმრობაშია პოლიტიკური მიზეზებით. დღეს, პრესის თავისუფლების დღეა და ვფიქრობ, კარგი იქნებოდა მისი შეწყალება.

მე ვთხოვე იუსტიციის მინისტრს, რომ შევსულიყავი ციხეში მის მოსანახულებლად, მაგრამ სამწუხაროდ, უარი მივიღე. მიზეზად დაასახელეს ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ შეუძლიათ პატიმრების მონახულება, მაგრამ როგორც ჩვენ ვიცით, წარსულში ასეთი რამ მომხდარა და ეს იქნება კარგი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს ნება, რომ საპატიმროში შეუშვას გერმანიის პარლამენტის წევრი", - განაცხადა ჰაკერმა.

ბუნდესტაგის დელეგაციის წევრი აღნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს ქვეყანაში მედიის თავისუფლება.

"მედიის თავისუფლება საკვანძო საკითხია იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და მანამდე მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, გავუწოდოთ ხელი, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს მოთხოვნები", - ამბობს ჰაკერი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ 2022 წლის 16 მაისს ცნო. მას 3 წლითა და 6 თვის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც.

პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია ნაწილობერივ სცნო დამნაშავედ, კერძოდ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, პორშეს ეპიზოდში და სასჯელის სახით განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. თითქმის 7 მილიონი ლარის ზიანის მიყენების საქმეზე კი სასამართლომ მუხლი გადაკვალიფიცირდა. გაფლანგვის ნაცვლად გვარამია და კახაბერ დამენია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს დამნაშავედ. დამენიას 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა. 

გარდა ამისა, საქალაქო სასამართლომ ზურაბ იაშვილი და ნიკა გვარამია კომერციულ მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს.

პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. ავტომობილის ეპიზოდის გარდა სააპელაციომ გვარამია დამნაშავედ ცნო სარეკლამო შემოსავლების ეპიზოდზეც და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით მიესაჯა.

ნიკა გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, დანაშაულის შემადგენლობის და სასჯელის ზომის განსაზღვრის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან დარღვევებს შეიცავს, რაც დეტალურადაა აღწერილი საქართველოს სახალხო დამცველის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული შეფასებებში.


close დახურვა