logo
ENG



ბურიჩი პარლამენტის მიერ რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღებაზე შეშფოთებას გამოთქვამს

02 მაი 202415:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/02/h8o98min51o6ptr.png

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი თბილისში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

იგი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მეორე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით და ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, კანონთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვენის კომისიის რეკომენდაციებს დაელოდოს.

"ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში განვითარებული მოვლენებით და ვწუხვარ პარლამენტის მიერ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების მიუხედავად, "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღების გამო. ევროპულ დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან მის თავსებადობასთან დაკავშირებული ძირითადი შეშფოთების გათვალისწინებით, მოვუწოდებ ქართველ კანონმდებლებს დაელოდონ ვენეციის კომისიის მომავალ აზრს და განიხილონ მისი რეკომენდაციები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე", - თქვა მან.

ბურიჩის თქმით, ძლიერი დემოკრატიისთვის აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის ხელსაყრელი გარემო არსებობდეს, ხოლო გამჭვირვალობა არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შემზღუდავი ინსტრუმენტი.

იგი ასევე გმობს თბილისის ქუჩებში მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და დასძინა, რომ ადამიანებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად გამოიყენონ შეკრებისა და გამოხატვის უფლებები.

"მე ასევე ვგმობ ბოლო დღეებში თბილისის ქუჩებში მომხდარ ძალადობას. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენება შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. ქართველებს, რომლებმაც არაერთხელ აჩვენეს თავიანთი ღრმა მიჯაჭვულობა დემოკრატიისადმი, უნდა შეეძლოთ მშვიდობიანი გზით გამოიყენონ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება.

იმედი მაქვს, რომ საქართველო და ევროპის საბჭო გააგრძელებენ კონსტრუქციულ დიალოგს, რომელიც ახასიათებს ჩვენს ნაყოფიერ თანამშრომლობას ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში", - განაცხადა ევროაბჭოს გენერალურმა მდივანმა. 


close დახურვა