logo
ENG



ბურჭულაძე: გონივრული არაა იმ სანქციებზე შეერთება, რომელიც აგრესორზე ეფექტს არ მოახდენს

25 აპრ 202212:26
3 წუთის საკითხავი
 

თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ არ არის გონივრული, საქართველო შეუერთდეს იმ სანქციებს, რომელიც აგრესორზე ეფექტს არ მოახდენს. ამ კომენტარით ბურჭულაძე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "არ ესმის, რატომ არ დააწესა საქართველოს მთავრობამ სანქციები".

ბურჭულაძის თქმით, "საქართველო ყველა კრიტიკულ სანქციას შეუერთდა".

"ფორმულირება, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება, არ არის სწორი. ყველა კრიტიკულ სანქციას საქართველო შეუერთდა, ეს იქნება გაერო, ევროსაბჭო თუ კიდევ სხვა სანქცია და იმ სანქციებს, რაც არანაირი ეფექტს არ მოახდენს აგრესორზე და მხოლოდ დაიჩაგრება ჩვენი მოსახლეობა, რა თქმა უნდა, არ არის გონივრული რომ ჩვენ შევუერთდეთ", - თქვა მან.

მისივე განცხადებით, "არ არის ალტერნატიული ქვეყანა, სადაც ისე ექცევიან უკრაინის მოქალაქეებს, როგორც საქართველოში". 

"ესეც კარგად უნდა გაითავისოს", - ამბობს ბურჭულაზე ზელენსკიზე.

მისი თქმით, საქართველოდან ელჩის გაწვევა შეცდომა იყო. 

"რაც უფრო სწრაფად დავივიწყებთ, თუ რამე წყენა გვაქვს, უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი ქვეყნები და დადგება მშვიდობა", - დაამატა მან.

 


close დახურვა