logo
ENG



ბურჭულაძე: დაიძრა ასეული ქუთაისიდან და რეზერვისტების გვარდიის შემადგენლობიდან

04 აგვ 202321:31
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/nmx0xdulb4o33qm.jpg

თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, დაიწყეს მობილიზება სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც შოვში სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვებიან.

"დაიძრა ქუთაისიდან ერთი ასეული დასავლეთ სარდლობიდან და რეზერვისტები გვარდიის შემადგენლობიდან, რომლებიც არიან სპეციალურად აღჭურვილნი და მომზადებულები. ასევე მობილიზება მოვახერხეთ საინჟინრო საშუალებების, ჩამოვიტანეთ გასაშლელი ხიდი, დავიწყეთ აწყობა და ღამის მიუხედავად ავაწყობთ ამ ხიდს, რამდენიმე საათი სჭირდება და გამთენიისას ხიდი იქნება სრულად გამართული და ჩვენ სამხედრო მოსამსახურეებს გაუადვილებს გადაადგილებას", - განაცხადა ბურჭულაძემ.

მისივე თქმით, სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში სამინისტროს მძიმე ტექნიკაც ჩაერთვება.

3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯერ კიდევ ეძებენ 25 ადამიანს. 

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. 


close დახურვა