თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აღნიშნავს, რომ შოვში, სტიქიის ზონაში მონტაჟდება დროებითი ხიდი, რომელსაც მძიმე ტექნიკის გადასაადგილებლად გამოიყენებენ. მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს იმ ტერიტორიაზე, სადაც ცხედრები იპოვეს.
"ხიდის გაკეთება, საავტომობილო ხიდის, სადაც მძიმე ტექნიკაც გადაივლის, ახლა მიმდინარეობს. გარდა ამისა, აწყობენ კალაპოტს, რომ გადაიარონ სატვირთო მანქანებმაც. რაც შეეხება ადამიანურ რესურსს, ჩვენ მთელი შემადგენლობა გადაყვანილი გვყავს, ლოკალურად მუშაობენ იმ ადგილებში, სადაც ნაპოვნი იყო ცხედრები და მიცვალებულები, რომ უფრო მეტი ალბათობაა, რომ იქ აღმოჩნდნენ მიცვალებულები", - აღნიშნა მან.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო სანსეტ შოვთან მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.
სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.