სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, როგორც მან მიხეილ სააკაშვილმა უთხრა, ნებისმიერი დანამატი ექიმების თხოვნით მიიღო, როგორც მედიკამენტის შემცვლელი. ამაზე მან რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც, როგორც ამბობს პატიმრის თხოვნით შევიდა.
"იგი უკმაყოფილოა იმ განცხადებებით და ინფორმაციით, რაც მის კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ის აღნიშნავდა იმას, რომ ის სურათები, რაც დაიდო, სადაც საკვები დანამატებები ერთად ეწყო, თვალით არასდროს უნახავს და არც იცის, სადაა გადაღებული. აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დანამატი, მილიგრამებით, მიიღო ექიმთა თხოვნით, როგორც გარკვეული პრეპარატისა და მედიკამენტის შემცვლელი.
როგორც იცით, გარკვეული მედიკამენტები იწვევს კუჭის გაღიზიანებას და გარკვეული პარამეტრების შესანარჩუნებლად, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაცია იყო მის მიმართ, რომ ამ დანამატებით ჩაენაცვლებინა, ისიც ძალიან მცირე, საუბარია მილიგრამებით ულუფებზე. ამ ეტაპზე პატიმარს შეწყვეტილი და შეჩერებული აქვს ყველა ტიპის სამედიცინო დახმარების პროცედურა", - ამბობს გიორგი ბურჯანაძე.
დღეს, 6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის" მოტივით გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმის ოთახშია და იქ მყოფი სამედიცინო პერსონალის მიერ მიწოდებულ საკვებ დანამატებს იღებს. ასევე, კადრებში ჩანს მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება.
კადრების გასაჯაროვებას წინ უსწრებდა სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც სააკაშვილის უწყვეტად შიმშილობას ადასტურებს. ომბუდსმენის ცნობით, იგი მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.
როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამ პროდუქტს მას სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, ის ვერ შეფასდება, როგორც საკვები, ხოლო მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 6 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი საკვები დანამატების მიღებაზეც უარს ამბობს.