ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია 15 მაისის აქციის მოსამზადებელ სპეციალურ შტაბს ქმნის და რეგიონებში ლიდერების გასვლის ორგანიზებას იწყებს.
როგორც ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთიანი საქართველოს ლიდერმა განაცხადა, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები ერთად ივლიან რეგიონებში და ხალხს დაარწმუნებენ, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ მხოლოდ გაერთიანებული ძალებით ბრძოლა მოიტანს შედეგს.
„რაც შეეხება 15 მაისს, ჩვენ დეტალურად ვიმსჯელეთ გეგმაზე, საუბარია იმაზე, რომ შეიქმნება „15 მაისის შტაბი“. ყველანი, ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და ვიაროთ რეგიონებში, შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას.
დარწმუნებული ვარ, ეს ერთიანობა აუცილებლად მოიტანს შედეგს. იმედი მინდა ვიქონიო, რომ 15 მაისს ნორმალური ვითარება იქნება ქვეყანაში, მათ შორის, კოვიდის თვალსაზრისით და ჩვენ დიდი რაოდენობის ადამიანებს ვნახავთ თბილისის ქუჩებში. რეგიონებში გასვლა უახლოეს მომავალში დაიწყება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ოპოზიციური პარტიები 15 მაისს ფართომასშტაბიან აქციას ააანონსებენ. ლიდერების თქმით, ისინი რეგიონებში მოსახლეობას შეხვდებიან და პირისპირ გააცნობენ მათ გეგმებს.
საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის გამო ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროპარლამენტარებმა საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური დახმარების შეჩერება და პირობითობის გაზრდა დააანონსეს.
მათი განცხადებით, ორივე, მმართველი და მთავარი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში, პასუხისმგებლები არიან ამ შედეგზე, თუმცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი სახელისუფლებო პარტიას ეკისრება.