„ხელისუფლებას ბრალად ედება ეკლესიის საქმეებში ჩარევა და ეკლესიის ნგრევის მცდელობა,“ - ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი განცხადებით, მეუფე იაკობის ბრალდებებზე ხელისუფლებამ რეაგირება უნდა მოახდინოს, ეკლესიაში და ერთმანეთში არსებული პრობლემები მოსახლეობის თვალწინ არ უნდა იყოს გასარჩევი.
„ხელისუფლებას ბრალად ედება ეკლესიის საქმეებში ჩარევა და ეკლესიის ნგრევის მცდელობა. კეთილი ინებეთ ბატონებო და რეაგირება მიეცით ამ ბრალდებებს. მინდა საკუთარ თავს მივცე უფლება და მოვუწოდო სასულიერო პირებს, იპოვეთ თავში ძალა, რომ ეკლესიაში და ერთმანეთში არსებული პრობლემები არ გამოდიოდეს გარეთ და მოსახლეობის თვალწინ არ იყოს გასარჩევი,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ მეუფე იაკობმა ქორეპისკოპოსისა და საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. ეს გადაწყვეტილება მან პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააჟღერა. მეუფე იაკობი ამ ეტაპზე ბოდბის მეუფედ რჩება.