ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა პრემიერთან და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ სტაციონარებში ბევრი ისეთი პაციენტი წევს, რომელთაც ამის აუცილებელი საჭიროება საერთოდ არ აქვთ.
ბუწაშვილის თქმით, უნდა გამოინახოს გზები, თუ როგორ შენარჩუნდეს საწოლები მათთვის, ვისაც ეს რეალურად სჭირდებათ.
"მსჯელობა იყო არასაჭირო ჰოსპიტალიზაციებზე და მართლაც, რეალურად, ციფრები აჩვენებს, რომ სტაციონარებში ბევრი ისეთი პაციენტი წევს, რომელთაც ამის აუცილებელი საჭიროება საერთოდ არ აქვთ. გზებია გამოსანახი, როგორ მოხდეს ამის ოპტიმიზაცია, რომ საწოლები რეალურად შენარჩუნდეს იმ ხალხისთვის, ვისაც ნამდვილად სჭირდება. მოსახლეობაში არის მოლოდინი, რომ კოვიდის დიაგნოზი ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა მოხვდეს საავადმყოფოში. უნდა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია ამ მხრივ, რათა ხალხმა იცოდეს, რომ ხშირ შემთხვევაში ბინაზე მკურნალობა არის სრულიად მისაღები და ამით დავზოგოთ ეს საწოლები", - აცხადებს ბუწაშვილი.
ჯამში, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ვირუსის 85 952 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 68 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 778 კი გარდაიცვალა.