მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტი გიგა მაქარაშვილი გორის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. მაქარაშვილს 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. პატიმრობიდან გამოსულმა მაქარაშვილმა აღნიშნა, რომ ახლა უფრო მეტი ძალით შეეცდება სისტემის დანგრევას.
"ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი გამოგვივა, რადგან სისტემა შიგნიდან ყარს და ყველა ის ადამაინი, ვინც ამ დროში ჩემს გარშემო იყო, დარწმუნეულია რომ ის ძალა, რომელიც აქ ტრიალებს, აუცილებლად მიაღწევს გამარჯვებას. ბატონო ბიძინა, ძალიან შეგეშალათ ჩვენი აქ ჩამწყვდევა, რადგან გაათმაგებული ენერგიით ვბრუნდებით და ყველაფერი იქნება ძალიან მაგრად", - აღნიშნა მაქარაშვილმა.
სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები გიგა მაქარაშვილს გორში იზოლატორთან დახვდნენ. როგორც ისინი ამბობენ, არ ყოფილა მაქარაშვილის დაკავების არანაირი საფუძველი. შესაბამისად, იგი სისტემის მსხვერპლი აღმოჩნდა.
"დარწმუნებული ვარ, გიგა გამოვა ათმაგად გაძლიერებული და ბრძოლასაც ათმაგი შემართებით გავაგრძელებთ. ამ მთელი მარაზმის შემდეგ, რაც ხდება, არცერთი ჩვენება არ ყოფილა სასამართლოში, რომ გიგამ რამე დააშავა და უმეტესობა დაკავებულებისგან. მოიმკიან იმან, რაც ფილიშვილმა გააკეთა",- აღნიშნა ნატა ფერაძემ.
გიგა მაქარაშვილი 18 ნოემბერს, საპროტესტო აქციის დაშლის დროს დააკავეს და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებოდნენ.