logo
ENG



გააკეთეთ ადეკვატური განცხადებები ან მიხედეთ მამლებს და ჭაღებს - ოპოზიცია ზურაბიშვილზე

24 ნოე 201919:06
3 წუთის საკითხავი
 
5r7xtzbv4jjwsem.jpg

„გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა და გააკეთეთ ადეკვატური განცხადებები ან მიხედეთ მამლებს და ჭაღებს - პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მოქმედ პრეზიდენტს აღნიშნულ რჩევას იმ განცხადების გამო აძლევს, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გააკეთა და ოპოზიციას, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსულტაციების გამართვისთვის კვლავ პარლამენტში შესვლა ურჩია.

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის თქმით, პრეზიდენტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს და იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ოპოზიცია ხელისუფლებასთან კონსულტაციებს აღარ გამართავს. გიორგი ბაქრაძის თქმით, მხარეები ვერანაირ საარჩევნო კოდექსში ცვლილებაზე ვერ ილაპარაკებენ, სანამ პროპორციულს არ დაუბრუნდება პარლამენტი.

მსგავს პოზიციაზე არიან პარლამენტში შემავალი სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. ისინი პრეზიდენტს ურჩევენ, მსგავსი მოწოდებები იმ პოლიტიკური ძალის მიმართ გააკეთოს, რომელმაც საზოგადოება მოატყუა და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნა.

არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა თქმით კი, ზურაბიშვილის განცხადება ივანიშვილის თამაშის გაგრძელებაა. მათივე თქმით, ამ ნაწილში ოპოზიცია ერთიანია და აქცენტს სახელისუფლებო შტოების, მათ შორის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმართ უნდობლობაზე აკეთებენ.​

ზურაბიშვილის მოწოდება მიუღებელია მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში" წარმომადგენლებისთვისაც. 20 ივნისის აქციის ორგანიზატორები, რომელთა აქტიურობამაც თავდაპირველად ბიძინა ივანიშვილს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა დაათმობინა, მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ ლეგიტიმაცია დაკარგა და მათთან კონსულტაციებზე ფიქრი დროის ფუჭი კარგვაა.

პრეზიდენტის გუშინ გაკეთებულ განცხადებაზე მმართველ პარტიაში კომენტარები დღეს არ გაკეთებულა, გასულ კვირის დასაწყისში კი „ქართული ოცნების" ლიდერები ოპოზიციასთან დიალოგის გამართვას გამორიცხავდნენ. მასშტაბური აქცია, რომელიც პარლამენტის პიკეტირებას ითვალისწინებს, ხვალ განახლდება.


close დახურვა