logo
ENG



გაანადგურეთ ჩანაწერები - ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მომუშავე ორგანიზაციები მთავრობას მიმართავენ

20 სექ 202115:44
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში მოქმედი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები სუს-ის მიერ მომზადებულ ფაილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და საქართველოს მთავრობას მიმართავენ.

ორგანიზაციები ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავენ და აღნიშნავენ, რომ შესაძლოა ქვეყანაში ისმინება ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების - ფსიქოლოგიური კონსულტირების, ფსიქოთერაპიის, ფსიქიატრიული დახმარების - უსაფრთხოებაც.

"საქართველოში მოქმედი ფსიქიკური ჯანმრთელობის დარგში მომუშავე პროფესიული ასოციაციები გამოხატავენ შეშფოთებას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ქვეყანაში ისმინება და შესაბამისად, არ არის დაცული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების - ფსიქოლოგიური კონსულტირების, ფსიქოთერაპიის, ფსიქიატრიული დახმარების - უსაფრთხოება. მსგავსი პრაქტიკა დიდ ზიანს აყენებს როგორც ამ ტიპის სერვისებში ჩართულ პირებს, ასევე ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების საქმეს, რადგან შეუძლებელს ხდის დაცული იქნას ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების საბაზისო ეთიკური წესები. ამავდროულად ხელს უწყობს მთლიანად ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების სპეციალისტების დისკრედიტაციას და კიდევ უფრო აძლიერებს სტიგმას, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროებების მქონე პირების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

აქვე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ უკანონო ფარული მიყურადების პრაქტიკა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 157 მუხლით განსაზღვრულ კანონს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის შესახებ.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოახდინოთ სათანადო რეაგირება, დროულად დაიწყოს გამოძიება უკანონო ფარული მიყურადების პრაქტიკის საქართველოში დანერგვის მიზეზებისა და დანერგვის შესახებ.

გაანადგუროთ არსებული ინფორმაცია და ჩანაწერი, რომელიც მოპოვებულია უკანონო ფარული მიყურადების შედეგად, რათა დაცული იქნას ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებში ჩართული პირების უფლებები",  -აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • GSP საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება;
  • საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოება;
  • GABP საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია;
  • საქართველოს იმდიარ საზოგადოება;
  • სუპერვიზიის და კონსულტირების საქართველოს საზოგადოება;
  • GIP გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში;
  • GCRT წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო; რეაბილიტაციის ცენტრი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა 13 სექტემბერს გაჟონა.

ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უსმენენ საპატრიარქოს წარმომადგენლებს, მღვდელმსახურებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს. ჩანაწერების მიხედვით, უსმენდნენ საჯარო პირებს და ჟურნალისტებსა. ასევე, როგორც საელჩოების თანამშრომლებს, ისე უშუალოდ ელჩებს. 

ჩანაწერები 2013-2021 წლებით თარიღდება. 

ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებენ ის ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები, რომელთა გვარებიც ჩანაწერებში ფიგურირებს. 

პროკურატურამ, სავარაუდოდ, სუს-ის მერ მომზადებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე დაიწყო. 


close დახურვა