გაბონში სამხედროები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგებს აუქმებენ და ხელისუფლებაში მოდიან. არმიის ოფიცრების განცხადებით, ისინი აუქმებენ არჩევნების შედეგებს, სადაც პრეზიდენტმა ალი ბონგომ გაიმარჯვა. მათივე თქმით, პრეზიდენტი შინაპატიმრობაშია.
საარჩევნო კომისიის განცხადებით, შაბათის არჩევნებზე ბონგომ ხმების ორი მესამედი აიღო, თუმცა სამხედროები ამბობენ, რომ არჩევნები ფალსიფიცირებული იყო.
BBC აღნიშნავს, რომ სამხედრო გატრიალება, შესაძლოა, ბონგოს ოჯახის 53-წლიანი მმართველობის დასასრული გახდეს.
გაბონი აფრიკაში ნავთობის უმსხვილესი მომპოვებელია და ქვეყნის 90% ტყეებით არის დაფარული.
ოთხშაბათს დილით 12 სამხედრო პირი ტელევიზიით გამოვიდა და განაცხადა, რომ აუქმებენ არჩევნების შედეგებს და რესპუბლიკის ყველა ინსტიტუტს შლიან. მათივე განცხადებით, ქვეყნის საზღვრები იკეტება. ბოლო სამი წლის განმავლობაში ეს შესაძლოა მერვე გადატრიალება იყოს აფრიკაში, საფრანგეთის ყოფილ კოლონიებში.
სამხედროები ამტკიცებენ, რომ ისინი გარდამავლობისა და ინსტიტუტების აღდგენის კომისიიდან არიან და ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალებს წარმოადგენენ.
"ამჟამინდელი რეჟიმის დასრულებით ჩვენ გადავწყვიტეთ დავიცვათ მსოფლიო", - განაცხადა ერთ-ერთმა სამხედრომ ტელევიზიით.
საფრანგეთის პრემიერმინისტრი ელიზაბეთ ბორნი ამბობს, რომ ყურადღებით აკვირდებიან გაბონში მიმდინარე ვითარებას. ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი კი აღნიშნავს, რომ მორიგმა სამხედრო გადატრიალებამ შესაძლოა აფრიკაში არასტაბილურობა გააძლიეროს.
"ეს დიდი პრობლემაა ევროპისთვის", - თქვა ბორელმა.
გაბონის მთავრობა სამხედროების განცხადებას არ გამოხმაურებია და ამ დროისთვის პრეზიდენტ ბონგოს ადგილსამყოფელი უცნობია.
შაბათის არჩევნების შემდეგ უსაფრთხოების საბაბით ინტერნეტზე წვდომა შეზღუდული იყო, თუმცა აღდგა სავარაუდო გადატრიალების შემდეგ. ქვეყანაში კომენდანტის საათია გამოცხადებული.
საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარი ოპოზიციონერი კანდიდატი ალბერტ ონდო ოსა იყო. მისი თქმით, ბევრ საარჩევნო უბანზე არ იყო ბიულეტენები მისი სახელით. ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრებს გარეშე კი აცხადებს, რომ არჩევნების გასაშუქებლად უცხოელ ჟურნალისტებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალეს.
ალი ბონგო ხელისუფლებაში 2009 წელს მოვიდა მას შემდეგ, რაც მამამისი ომარ ბონგო გარდაიცვალა. თავის მხრიცვ ომარ ბონგო თითქმის 42 წელი იყო გაბონის პრეზიდენტი.