ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, რომელმაც საქართველოში ვიზიტი დაასრულა და ლიეტუვაში დაბრუნდა წერს, რომ "თბილისში ვიზიტის შემდეგ ბევრი საფიქრალი აქვს".
ის ამ განცხადებას X-ზე აქვეყნებს. ლანდსბერგისი გამოქვეყნებულ წერილში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, თუ რა მძიმე შედეგები შესაძლოა დადგეს საქართველოსთვის რუსული კანონის დაკანონებითა და ხალხის ნების უგულებელყოფით.
"არადემოკრატიული სულისკვეთებით დაწერილი კანონის შესწორება ნებისმიერი კანონის შესაძლებლობებს მიღმაა. ბევრი ადამიანი დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი შესწორება უბრალოდ იმიტაცია იქნება, რომელიც მთავრობას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმის წარმოების შეზღუდვის დაწყების ინსტრუმენტებს დაუტოვებს.
ამოქმედების შემთხვევაში კანონი დიდი ალბათობით განვითარდება, როგორც ეს რუსეთში დავინახეთ. როდესაც კანონი არსებობს მარტივია მისი ჩუმად შესწორება. კანონის მთელი ლოგიკა სახიფათო ბილიკია, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებაზე სრული კონტროლის დამყარებამდე მიყვანა შეუძლია. ორ სკამზე ჯდომა არ შეგიძლია, არ შეიძლება ევროპისკენ გზაზე იყო, როცა ცალი ფეხი მოსკოვში გაქვს", - წერს მინისტრი.
საქართველოში ვიზიტით ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები იმყოფებოდნენ.
15 მაისს ისინი რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტების მარშს შეუერთდნენ, რის შემდეგაც მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტთან სიტყვით მიმართეს.