ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან შესაძლო გადაყენების შესახებ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.
როგორც მან აღნიშნა, გამყრელიძე ვაქცინაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული.
"ბატონი ამირანი ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, აქტიურად არის ჩართული ვაქცინაციის პროცესში. დღეს დილით გვქონდა შეხვედრა პრემიერთან, იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავგეგმოთ და გავიაროთ ყველა შესაძლო მექანიზმი ვაქცინების შემოტანისთვის. მე ვერ დავადასტურებთ ვერანაირ პოზიციურ ცვლილებას ბატონ ამირანთან მიმართებაში", - განაცხადა გაბუნიამ.
კითხვას - არის თუ არა დაპირისპირება ამირან გამყრელიძესა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის, გაბუნიამ უპასუხა, რომ ვერც ამ ინფორმაციას დაადასტურებს.
"ჩვენ გვაქვს ძალიან საქმიანი, კონსტრუქციული ურთიერთობა. ვერანაირ დაპირისპირებაზე ინფორმაციას მე ვერ დავადასტურებ",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, დღეს, 1 მარტს, სტრატეგია აღმაშენებელის ერთერთმა ლიდერმა სერგო ჩიხლაძემ თქვა, რომ ამირან გამყრელიძის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის პოსტიდან გადაყენება განიხილება.