კრიტიკული მედიების წარმომადგენლებსა და აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შორის ნიკა გვარამიას პატიმრობის საქმეზე გამართული შეხვედრა დასრულდა.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავარი არხის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი გაბუნიამ თქვა, მოლოდინი და განწყობა პოზიტიურია.
ამასთან, გაბუნიას თქმით, აშშ-ს ელჩს სთხოვეს, გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რომ ნიკა გვარამია და მედია გათავისუფლდეს.
"მოლოდინი და განწყობა, რა თქმა უნდა, არის პოზიტიური. ჩვენ ვისაუბრეთ ერთობლივად, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, ნიკა იყოს თავისუფალი და ეს იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთ უსამართლო განაჩენთან საქმე.
მთავარი, რაც მე შემიძლია ვთქვა და გავიმეორეო, მთავარი საკითხი, რომელიც ჩვენთვის პრინციპულად დგას, ეს არის ნიკას თავისუფლება და ჩვენ ვთხოვეთ აშშ-ს ელჩს და მისი სახით შტატებს, რომ მათ გამოიყენონ ყველანაირი ბერკეტი, რომელიც მათ ხელთ არის, რომ ნიკა და მისი სახით მედია გათავისუფლდეს და დაუბრუნოს თავისუფლება", - თქვა გიორგი გაბუნიამ.
16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო და 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
პროკურატურა მთავარი არხის დამფუძნებელს ნიკა გვარამიას ჯერ კიდევ რუსთავი 2-ის დირექტორობის დროს, ტელეკომპანიის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.