logo
ENG



გაბუნია: ბუსტერ დოზით აცრა ყველა 18 წელს გადაცილებულ პირს შეეძლება

09 ნოე 202112:32
3 წუთის საკითხავი
 

ვაქცინაციის უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ აცრის ბოლო დოზიდან 6 თვის შემდეგ ბუსტერ დოზით აცრა შეეძლება ნებისმიერი ვაქცინით აცრილ ყველა 18 წელს გადაცილებულ ადამიანს.

თამარ გაბუნიას თქმით, მათ ვინც აიცრა სინოფარმით ან სინოვაკით, შეუძლია გაიკეთოს კვლავ სინოფარმის ან სინოვაკის ბუსტერ დოზა ან ფაიზერის ვაქცინა აირჩიოს ბუსტერ დოზისთვის.

რაც შეეხება ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილებს, მათ 6 თვის შემდეგ დამატებით შეუძლიათ გაიკეთონ ასევე ფაიზერის ბუსტერ დოზა, ხოლო ფაიზერით აცრილებისთვის რეკომენდებულია ბუსტერ დოზადაც ფაიზერის ვაქცინის გამოყენება, ბოლო აცრიდან 6 თვის შემდეგ.

ჯანდაცვის მოადგილის თქმით, 60 წელს გადაცილებულ სინოვაკით და სინოფარმით აცრილ ადამიანებში, გამონაკლისის სახით ბუსტერ დოზით ვაქცინაცია დაშვებულია ბოლო აცრიდან 3 თვის შემდეგ.

„არის ერთი დაზუსტება, რომელიც ითვალისწინებს 60 წლის ზემოთ პირებში, რომლებიც აცრილები არიან სინოვაკით და სინოფარმით ბუსტერ დოზის გამოყენების შესაძლებლობას არა 6 თვის შემდეგ, არამედ უკვე 3 თვიდან 6თვის ინტერვალში მეორე აცრიდან“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 
 

close დახურვა