logo
ENG



გაბუნია: კვირის ბოლომდე შედგება კონსულტაცია და გვეცოდინება, როდის მივიღებთ ვაქცინას

24 თებ 202114:54
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: კვირის ბოლომდე შედგება კონსულტაცია და გვეცოდინება, როდის მივიღებთ ვაქცინას

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია იმედოვნებს, რომ თებერვლის ბოლოს შეპირებულ ვაქცინას საქართველო მარტის პირველ ორ კვირაში მიიღებს. საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მანვე განმარტა, რომ მიმდინარე კვირაში კონსულტაციები იგეგმება კოვაქს პლატფორმას, ფაიზერსა და საქართველოს შორის, რათა განსაზღვრონ თარიღის მიღების დრო.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ვაქცინის შემოტანა ფაიზერის მიერ დაყენებული დამატებით მოთხოვნების გამო გადავადდა.

"ამ კვირაში მივიღეთ დამატებითი პირობები ფაიზერის ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია კოვაქსის, ფაიზერის და საქართველოს მონაწილეობით და გვეცოდინება, როდის მივიღებთ 29 250 დოზას. კვირის ბოლომდე გვეცოდინება, როდის მივიღებთ ფაიზერის ვაქცინას.

იმედი გვაქვს, უკვე მარტის პირველ ორ კვირაში, რეალურად მივიღებთ დოზებს ფაიზერისგან.

"ასტრაზენეკასთან ასევე მიდის აქტიური კომუნიკაცია, როგორც კოვაქს პლატფორმით, ასევე, უშუალოდ კომპანიასთანაც.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო ორ კვირაში ავტორიზაცია მისცა ასტრაზენეკას ორ ვაქცინას, ესენია ინდური და კორეული წარმოების. ჩვენი ქვეყნისთვის მოსალოდნელია წვდომა გვქონდეს ორივე ვაქცინაზე. მიმდინარე დღეებში ზუსტდება, ასტრაზენეკას რა რაოდენობის ვაქცინას მივიღებთ კოვაქსის პლატფორმით. სავარაუდო წინასწარი რაოდენობაა 315 ათას დოზამდე. ეს დაზუსტდება დღეს-ხვალ", - ამბობს მინისტრის მოადგილე.

თამარ გაბუნიამ, ასევე განმარტა, რომ ფაიზერმა დამატებითი პირობების სახით გაუგზავნათ "ცივი ჯაჭვის ინსტრუქცია", - როგორ უნდა მოხდეს ვაქცინის ტრანსპორტირება:

"ფაიზერმა გამოგზავნა დამატებითი მოთხოვნების წერილი, სადაც დაზუსტებულია ცივი ჯაჭვის ინსტრუქცია, როგორ უნდა მოხდეს ვაქცინის ტრანსპორტირება აეროპოტიდან დაავადებათა კონტროლის ცენტრამდე. აეროპორტიდან ტრანსპორტირების ვალდებულებას თავად ფაიზერი აიღებს. [...] ამ კვირაში დაზუტდება, ხელი მოეწერება პასუხისმგებლობების გადაზღღვევის ხელშეკრულებას, რაც დამატებითი მოთხოვნა იყო ფაიზერისთვის".

მისივე თქმით, შესაძლოა საქართველომ ასტრაზენეკა ფაიზერზე ადრე მიიღოს. ჯამში, პირდაპირი, თუ შუამავლის მეშვეობით, საქართველო ასტრაზენეკას 460 000-მდე დოზას ელოდება. 

"რაც შეეხება ასტრაზენეკას 150 000 დოზას, ჩვენის მხრიდან პროცედურები დასრულებულია, ახლა ველოდებით კიდევ ფორმალობებს იმისათვის, რომ თანხა გადავიხადოთ და დაიწყება მოწოდებები. ეს არის კოვაქსს მიღმა. კოვაქსით მაქსიმალური რაოდენობა, რაც პირველ კვარტალში გვაქვს შეპირებული, ესაა 315 000 დოზა და ზუსტდება ამის მოწოდების დეტალები. 

შესაძლებელია, ასტრაზენეკამ დაასწროს, ეს ვაქცინები ერთნაირად პროცესშია სამივე მიმართულებით. აქ საუბარია 1 კვირის ინტერვალით განსხვავებაზე", - ამბობს გაბუნია. 


close დახურვა