ჯანდაცვის მინისტრის მაოდგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაციის დაწყების "რეალურ" თარიღად მარტს მოიაზრებენ. 25 დეკემბრის საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მანვე აღნიშნა, რომ სამივე (ასტრაზენეკა, მოდერნა, ფაიზერი) დაწინაურებული ვაქცინის ლოჯისტიკის პირობები აქვთ საქართველოში და მათ მისაღებად დღესვე მზად არიან.
"საქართველოს დღესვე შეუძლია, მიიღოს და განახორციელოს ვაქცინაცია იმ 3 ძირითადი ვაქცინით, რომელიც დღეს არის დაწინაურებული და ყველაზე რეალური კანდიდატები.
საუბარი მაქვს "ასტრაზენეკაზე, რომელსაც სჭირდება 2-8 გარდუსამდე და ეს ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ, როგორც "კოვაქს პლატფორმით", ასევე, უფრო ადრეც, ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებების გზით. უკვე კონკრეტული წინადადებებიც იკვეთება ამაზე.
ასევე, არის "ფაიზერი", რომელიც -70 გრადუსს საჭიროებს და ასეთი რამდენიმე მაცივარი უკვე არის. შემიძლია ვთქვა "მოდერნაზეც", რომელსაც -20 გრადუსი სჭირდება. ამის ტექნიკური შეააძლებლობა ქვეყანას აქვს. ქვეყანას დიდი გამოცდილება აქვს იმუნიზაციის.
მარტი არის რეალური დრო, რომელიც ვაქცინაციის დასაწყებას გვაქვს განსაზღვრული", - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში საუბრისას ვარაუდი გამოთქვა, რომ საქართველო "ფაიზერის" ვაქცინას არ იყიდის, ვინაიდან "მოდერნას" ან "ასტრაზენეკას" შენახვა, ქვეყნის რესურსებიდან გამომდინარე, უფრო მარტივია. ცერცვაძემ ქვეყანაში საჭირო მაცივრების რესურსის არარსებობაზე ისაუბრა:
"მე მგონია, "ფაიზერს" ჩვენები არ აიღებენ. ფაიზერი ძალიან კარგია, მაგრამ -80 გრადუსზე უნდა ინახებოდეს. ამის საშუალება მსოფლიოში რამდენიმე ქვეყანას აქვს. საქართველოში გვაქვს -80°-იანი მაცივრები, მაგრამ სულ ერთეულები, მაგალითად, ჩემს სამსახურში ორი დგას. მასიურად, განსაკუთრებით რაიონებში -80°-იანი მაცივრები არ არის.
ამის საპირისპიროდ, ამირან გამყრელიძე ირწმუნება, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრში უკვე შეაფასეს არსებული რესურსი და მაინც მზადყოფნას გამოთქვამს "ფაიზერის" ვაქცინის შესანახად. ამასთან, იგი აღიარებს, რომ -80 გრადუსიანი მაცივრები ცოტა აქვთ, თუმცა, "კიდევ შეიძენენ".