ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვაქს პლატფორმასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქვეყანაში ფაიზერისა და ასტრაზენეკას ვაქცინების შემოტანის თაობაზე.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, მოლაპარაკებები თითქმის დასკვნით ფაზაშია.
"ჩვენ ვსაუბრობთ კოვაქსის პლატფორმასთან ფაიზერის და ასტრაზენეკას თაობაზე, ეს არის ორი ყველაზე დაწინაურებული ვაქცინა, რომელზეც ჩვენ თითქმის ხელშეკრულების ფაზაზე ვართ და მიდის ძალიან დეტალური მუშაობა", - თქვა გაბუნიამ.
მისივე თქმით, მხოლოდ ეს ორი ვაქცინა განიხილება, რადგან ევროკავშირის სივრცეში სხვა, ამ ეტაპზე, ავტორიზებული არ არის.
"დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ასტრაზენეკა და ფაიზერი არის ორი მთავარი კანდიდატი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ კოვაქსის პლატფორმის საშუალებით. ევროკავშირთანაც ამ ორ ოფციაზე იქნება საუბარი, რადგან მეტი, ჯერჯერობით, ევროკავშირის სივრცეში ავტორიზებული არ არის", - აღნიშნა გაბუნიამ.