logo
ENG



გაბუნია: მწვანე პასპორტის ტექნიკური საფუძველი ომიკრონთან დაკავშირებით შესუსტდა

01 თებ 202213:52
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, კორონავირუსის ომიკრონის შტამის მიმართ ე.წ. მწვანე პასპორტი უსაფრთხოებას ადამიანისთვის აღარ ქმნიდა. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ განაცხადა.

"მწვანე პასპორტის ტექნიკური საფუძველი გარკვეულწილად ომიკრონთან დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინებით შესუსტდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინფექციის გადატანის სტატუსზე, რეინფიცირება მაღალია ომიკრონის პირობებში, ამდენად, ეს არ იცავს და არაა გარანტია, რომ პირი იქნება უსაფრთო, როდესაც ის შევა იმ ბიზნესგარემოში, რაც მწვანე პასპორტთან მიმართებაში გამოვიყენეთ. ვაქცინაცია ვიცით, რომ გარკვეულწილად არის დაცვა, მაგრამ ეს არაა სრული დაცვა ინფიცირებისგან. დაცვა არის ჰოსპიტალიზაციისა და გართულებებისთვის. ამდენად ყველაზე ძლიერი ფაქტორი ყოველდღიურად აარის PCR ტესტირება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომაც, რეალურად რომ ვთქვათ, რომ პირი არის ეპიდემიურად უსაფრთხო, ეს არის ახლადჩატარებული ტესტი.

ბევრმა ქვეყანამ შეცვალა მწვანე პასპორტი მოთხოვნები. აქ იგულისხმება, რომ დაამატა სავალდებულოდ ბუსტერდოზა, PCR ტესტზე აქცენტი, მაგრამ ის ფორმა რა ფორმითაც ჩვენთან არის მწვანე პასპორტი გვაქვს და ეს სამი ძირითადი კრიტერიუმი რეინფიცირების მაღალი რისკის პირობებში არ ქმნის გარანტიას", - თქვა გაბუნიამ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში მწვანე პასპორტი გაუქმდა.

საბჭოს წარმომადგენლის გიორგი ღიბრაძის თქმით, გადაწყვეტილება "ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპის, ვირუსის სუსტი მიმდინარეობისა და მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით" მიიღეს.

"ომიკრონის გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე, მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება. თუმცა, აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი რჩება და ის პირები, რომლებსაც მწვანე პასპორტი საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ, კვლავინდებურად შეძლებენ ამ მექანიზმით სარგებლობას", - თქვა ღიბრაძემ.

საქართველოში მწვანე პასპორტის კოცენფცია 1 დეკემბერს ამოქმედდა.


close დახურვა