logo
ENG



გაბუნია: რესპუბლიკური საავადმყოფოს კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია

23 მარ 202311:50
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: რესპუბლიკური საავადმყოფოს კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ დღევანდელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე ახალი კლინიკა მოეწყობა. როგორც მან აღნიშნა, პროექტი "საავადმყოფოს განახლებას" ითვალისწინებს.

"რესპუბლიკური საავადმყოფოს კომერციალიზაცია სრულიად გამორიცხულია. კლინიკა არის და იქნება, სახელმწიფოსთვის, ჯანდაცვის სერვისების მიწოდების მთავარი საყრდენი", - აღნიშნა გაბუნიამ.

გაბუნიას განმარტებით, საავადმყოფო თანამედროვე სტანდარტებს მოერგება და მრავალპროფილური იქნება.

"პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებს რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მის ამუშავებას. იქნება გარკვეული გარდამავალი პერიოდი, რომელიც დაეთმობა სამშენებლო სამუშაოებს, კლინიკის რეკონსტრუქციას და აღჭურვას. ამ პერიოდის განმავლობაში, მერწმუნეთ, სრულად იქნება დაცული სამედიცინო პერსონალის უფლებები როგორც ანაზღაურების, ისე - დასაქმების კუთხით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხელისუფლებას მიმართეს და მოუწოდეს, არ დაუშვან კლინიკის დანგრევა და მისი ადგილმდებარეობის შეცვლა. თანამშრომლები ღია წერილში აღნიშნავენ, რომ მათთვის მოულოდნელად, ჯანდაცვის მინისტრმა რესპუბლიკურის შენობის ნგრევა დააანონსა, მისი მდებარეობის და კონცეფციის გაურკვეველი პერსპექტივით. 


close დახურვა