logo
ENG



გაბუნია: საველე ჰოსპიტლებზე მუშაობა დაწყებულია როგორც აჭარაში, ასევე იმერეთში

19 აგვ 202111:18
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია: საველე ჰოსპიტლებზე მუშაობა დაწყებულია როგორც აჭარაში, ასევე იმერეთში
საქართველოს მთავრობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საველე ჰოსპიტლები აჭარასა და იმერეთშიც მოეწყობა. როგორც მან აღნიშნა, ტექნიკური სამუშაოები უკვე დაწყებულია.

გაბუნიას თქმით, ყველაზე დიდი დატვირთვა სწორედ ამ ორ რეგიონზეა.

"საველე ჰოსპიტალი არის ჩვენთვის მზაობის და სარეზერვო რესურსის შექმნის შესაძლებლობა. ამაზე მუშაობა დაწყებულია როგორც აჭარაში, ასევე იმერეთში, რადგან ეს არის ორი დიდი რეგიონი, სადაც მოდის ყველაზე დიდი დატვირთვა. ტექნიკური სამუშაოები მიმდინარეობს. სჯობს ყველაზე ცუდი სცენარისთვის ვიყოთ მზად, ვიდრე მერე მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში გადაწყვეტილების და მზაობის უზრუნველყოფა. მიმდინარე სამუშაოები პროცესშია", - ამბობს გაბუნია.

საქართველოში ამ დროისთვის ორი საველე ჰოსპიტალია მოწყობილი.

დიღმის ოლიმპიური სოფლის ერთ-ერთ დარბაზში პირველი საველე ჰოსპიტალი 15 აგვისტოს მოეწყო. მასში 500-მდე საწოლია გაშლილი. 

მორე კი, თბილისში, სამგორში, ტექნიკური გადამზადების ცენტრში. ჰოსპიტალში, დაახლოებით, 150 საწოლია, რაც თავდაცვის უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროს გამოუყო. 

19 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 58 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 4 921 ახალი შემთხვევა.


close დახურვა