ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოში სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 0.3%-ია.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, აცრილ პაციენტებში გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
"ორჯერ ვაქცინირებული პირებიდან ინფექცია განვითარდა 0.3%-ში, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. არცერთი გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ბოლო პერიოდში ისმის შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა აზრი აქვს აცრას, თუკი მაინც ინფიცირდება ადამიანი. ყველამ კარგად ვიცით, რომ ინფექციისგან 100%-ით არცერთი ვაქცინა არ გვიცავს. ინფიცირება დადგება იშვიათ შემთხვევაში, მაგალითად ფაიზერის დროს ეს არის 10%-ზე ნაკლები, სხვა შემთხვევაში შეიძლება იყოს 15-დან 20%-მდე. თუმცა, შემთხვევები იქნება მსუბუქი და არ დადგება ლეტალობა", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დღეს, 13 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 1 862 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 11 პაციენტი. NCDC-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინით 310 332 ადამიანია აცრილი. მათგან 120 479-მა ვაქცინის ორივე დოზა გაიკეთა.