ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული ეკატერინე ტიკარაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, ტიკარაძე ბინაზე აგრძელებს მკურნალობას.
"ჯანდაცვის მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ბინაზე აგრძელებს ის მკურნალობას. როგორც კი მას ექნება PCR პასუხი უარყოფითი, ის დაუბრუნდება სამსახურს", - თქვა გაბუნიამ.
რაც შეეხება მინისტრის მეორე დოზით აცრას, გაბუნიას თქმით, ჯერჯერობით, საქართველოში ადამიანებს, ვისაც ინფექცია ახალგადატანილი აქვთ, მეორე დოზას არ უკეთებენ.
"მეორე დოზა ვაქცინას გაიკეთებს იმის მიხედვით, როგორი იქნება რჩევა და რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, ახალ ინფექციაგადატანის შემთხვევაში მეორე დოზა ჩვენთან არ კეთდება", - განაცხადა გაბუნიამ.
ტიკარაძეს კორონავირუსი პირველ ივნისს დაუდასტურდა. ის ასტრაზენეკას ვაქცინის ერთი დოზით იყო აცრილი.