logo
ENG



გაბუნია ანტივირუსულ აბებზე: მოკლე ხანში გაგაცნობთ, როდის იქნება ხელმისაწვდომი

23 დეკ 202118:21
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნია ანტივირუსულ აბებზე: მოკლე ხანში გაგაცნობთ, როდის იქნება ხელმისაწვდომი

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ფაიზერის პირველი ანტივირუსული აბების, Paxlovid-ის მიღებაზე მუშაობა დაწყებული აქვთ. 

გაბუნიას თქმით, დეტალებს, თუ როდის იქნება ეს აბები საქართველოში ხელმისაწვდომი, მოსახლეობას "მოკლე ხანებში" გააცნობენ. 

"ძალიან კარგია ის, რომ გუშინ ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტომ მისცა გადაუდებელი ავტორიზაცია კონკრეტულად კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ მედიკამენტს. ეს ძალიან იმედმომცემი სიახლეა. ჩვენ ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და მოკლე ხანში შესაძლებლობა გვექნება, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ის დეტალები, თუ კონკრეტულად როდის იქნება ხელმისაწყვდომი ეს მედიკამენტი.  

მედიკამენტის გამოყენება ხდება ბინის პირობებშიც, რადგან მას არ სჭირდება განსაკუთრებული ზედამხედველობა მოხმარების პროცესში. რეკომენდაციაა და, უმჯობესია, პროგნოზულად მაღალი რისკი ვისაც აქვს, იმ პირებში მოხდეს მედიკამენტის გამოყენება და ძალიან იმედმომცემია შედეგები, რომლებსაც ეს მედიკამენტი კვლევების შედეგად აჩვენებს - ჰოსპიტალიზაციის შემცირების თვალსაზრისით, რომელსაც თან ახლავს გართულებისა და ლეტალობის შემცირებაც", - განაცხადა გაბუნიამ. 

გაბუნია ამბობს, რომ მედიკამენტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება დაფინანსებული. 

"ყველაფერი, რა დანახარჯიც უკავშირდება კოვიდს, ეს არის დაფარული სახელმწიფო ხარჯებით. რა თქმა უნდა, როგორც ვაქცინის ხელმისაწვდომობა არ ხდება ჯერჯერობით კომერციულ საფუძველზე, ასევე კოვიდის მედიკამენტების დაფარვა სრულად ხდება სახელმწიფოს მიერ", - თქვა თამარ გაბუნიამ. 

22 დეკემბერს აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) კოვიდის მკურნალობისთვის Pfizer-ის ანტივირუსულ აბებს - Paxlovid-ს ავტორიზაცია მიანიჭა

ეს არის კოვიდის სამკურნალოდ ავტორიზებული პირველი ანტივირუსული ტაბლეტი, რომელსაც მომხმარებელი სახლშიც გამოიყენებს მანამ, სანამ იმდენად ავად გახდება, რომ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდება. ტაბლეტის მიღებას ექიმის დანიშნულების შესაბამისად შეძლებენ ინფიცირებული, 12 წლის ზემოთ რისკჯგუფში შემავალი პირები, რომლებიც სულ მცირე 39,9 კილოგრამს იწონიან. FDA-ს განცხადების თანახმად, ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია კოვიდის დიაგნოზის დასმიდან მალევე და სიმპტომების გამოვლენიდან ხუთი დღის განმავლობაში.

 

 


close დახურვა