logo
ENG



გაბუნია ახალ შტამზე: მუტაცია შეიძლება სხვაც იყოს, ასე ყველაზე გამოკიდება რთული იქნება

05 იან 202112:02
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით რაიმე ახალი პრევენციული ღონისძიებების ჩატარება არ იგეგმება და კვლავ ის წესები უნდა დავიცვათ, რასაც აქამდე ვასრულებდით. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, ახალი შტამის გამოვლენის შემდეგ დამატებითი პრევენციული ღონისძიებების ჩატარება ან შეზღუდვების გამკაცრება ხომ არ იგეგმება.

"ახალი, განსხვავებული პრევენციული ღონისძიებები ვერც იქნება გამოყენებული და მთავარი არის ის, რომ ის წესები, რაც ვიცით, უნდა დავიცვათ. მუტაცია შეიძლება სხვაც იყოს, ასე გამოკიდება ყველა მუტაციაზე იქნება ძალიან რთული, ამდენად თავის დაცვა, ინდივიდუალური ზომები არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში", - თქვა გაბუნიამ.

რაც შეეხება უშუალოდ შტამს, გაბუნია ამბობს, რომ ერთადერთი, რაც აქამდეა ცნობილი, არის ის, რომ შტამი, შესაძლოა, უფრო მალე ვრცელდებოდეს. ასევე მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ახალი შტამი ახალგაზრდებს უფრო აზარალებს, გაბუნია ამბობს, რომ ამ საკითხზე მეცნიერული დასკვნა არ არსებობს.

"ერთადერთი, რაც ამ დროისთვის არის ცნობილი, არის ის, რომ ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო, როგორც პირადი დაცვის საშუალებების გამოყენების, ასევე წესების დაცვის კუთხით.

რაც შეეხება იმას, რომელ ჯგუფს უფრო მეტად აზარალებს ეს შტამი, ამ ეტაპისთვის რაიმე დასაბუთებული, მეცნიერული საფუძვლები არ გვაქვს, რომ ვივარაუდოთ - ეს შტამი უფრო მეტად აქტიურად აზარალებს ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობას, გარკვეული ვარაუდი გამოითქვა, თუმცა დადასტურებული არ არის", - აღნიშნა გაბუნიამ.

კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში გუშინ, 4 იანვარს დადასტურდა.


close დახურვა