logo
ENG



გაბუნიას თქმით, 19 წლის გოგოს გარდაცვალების ამბავს კლინიკური აუდიტის ჯგუფი შეისწავლის

01 დეკ 202019:44
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/01/6v1iz3t32nx89y9.jpg

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის გოგოს საქმეს ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკური აუდიტის ჯგუფი უმოკლეს ვადაში შეისწავლის. 

კორონავირუსის შედეგად 19 წლის გოგო 29 ნოემბერს გარდაიცვალა, მას თანმდევი დაავადება - დიაბეტი სჭირდა, რამაც, გერმანული ჰოსპიტალის ექიმების თქმით, ლეტალური შედეგი გამოიწვია. გოგოს გარდაცვალებას თანმდევ დიაბეტს უკავშირებს მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიაც. 

პაციენტი რამდენიმე დღის განმავლობაში კოვიდსასტუმროში მკურნალობდა, ჯანმრთელობის დამძიმების შემდეგ კი იგი გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც 3 დღიანი მცდელობის მიუხედავად, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

კითხვაზე, თუ რატომ არ მოათავსეს თანმდევი დაავადების გათვალისწინებით 19 წლის ინფიცირებული კოვიდსასტუმროს ნაცვლად ჰოსპიტალში, თამარ გაბუნია პასუხობს, რომ თანმდევი დაავადებების შემთხვევაში, მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას ოჯახის ექიმი იღებს, პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვებით.  

"ზოგადად, სამინისტროს პროტოკოლი ითვალისწინებს თანხმლები დაავადებების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და შეიძლება მისი მართვა მოხერხდეს კოვისასტუმროში, იმ დაშვებით, რომ კლინიკური გამოკვლევები მას ჩაუტარდება კოვიდასასტუმროდანაც.

რამდენადაც მე ვიცი, ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც ექიმის შეფასებით ჩაითვალა, რომ მდგომარეობა იყო სტაბილური და საწყის ეტაპზე, პაციენტს მიეცა რეკომენდაცია კოვიდსასტუმროში მკურნალობის და მაშინვე მოხდა მისი გაყვანა კვლევებისთვის, დამატებით სიმძიმის შეფასების მიზნით", - ამბობს გაბუნია. 

გარდაცვლილი გოგოს მშობლები კი ფორმულასთან ყვებიან, რომ მათი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კოვიდსასტუმროში გადაყვანის დღიდან უკიდურესად მძიმე იყო. გადაყვანიდან მეორე დღეს მშობლებმა სასწრაფოსა და ჯანდაცვის სამინისტროში დაიწყეს რეკვა, დამძიმებული შვილის ჰოსპიტალში გადაყვანის იმედით, თუმცა, მათი თქმით, უწყებები სხვადასხვა მიმართულებით უსასრულოდ ამისამართებდნენ

"ვრეკავდით ჯანდაცვაში. ჯანდაცვა გვეუბნებოდა, ჩვენ არ გვეხება, დარეკეთ სასწრაფოშიო. სასწრაფოში გვეუბნებოდნენ, დარეკეთ ჯანდაცვაშიო. ასე გაიწელა", - ჰყვება გარდაცვლილის მამა. 

სასწრაფოს ადგილზე მისვლის შემდეგ კი პაციენტს და მკურნალ ექიმს განუცხადეს, რომ ადგილების არარსებობის გამო გოგოს ჰოსპიტალში ვერ გადაიყვანდნენ. 

"ჩვენ ვუთხარით, არ შეიძლება ასე, სადამდე შეიძლება... ცოტა ხანში ჩამოვიდნენ და გვითხრეს, რომ კარგი ამბავი ჰქონდათ. ამ სასტუმროში გამოჩნდა ადამიანი, რომლის კლინიკაშიც არის ადგილიო. 

უკვე მძიმედ იყო. მე ვწერდი, ვამშვიდებდი... ბოლოს შეწყდა ეს. ვიფიქრე, ალბათ, დაეძინა. ამის შემდეგ ეძინა, სანამ არ გარდაიცალა. გვითხრეს, რომ ფილტვების 24-დან 20% ჰქონდა დაზიანებული", - ჰყვება გარდაცვლილის მამა. 

გარდაცვლილის დედა კი იხსენებს, რომ შვილის ჰოსპიტალში გადაყვანის დაუსრულებელი მცდელობების შემდეგ სასწრაფოს ექიმმა ურჩია ეპოვნა ახლობელი, რომელიც საქმეს "ჩაუწყობდა" და დამძიმებული შვილის ჰოსპიტალში გადაყვანას უზრუნველყოფდა. 

ანალიზების ასაღებად საუნივერსიტეტო კლინიკაში დაბრუნების შემდეგ, კოვიდსასტუმროს მკურნალმა ექიმმა გოგოს დედას უთხრა: "მეგონა, რაღაც სინდისიც შეაწუხებდათ და ასეთ მდგომარეობაში ბავშვს უკან აღარ დააბრუნებდნენო", - ყვება გარდაცვლილის დედა. 

საბოლოოდ კი კოვიდსასტუმროში გერმანული ჰოსპიტალის თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელმაც გოგონასთვის საავადმყოფოში ადგილი იპოვნა, თუმცა, გარდაცვლილის დედის თქმით, დაგვიანებული რეაგირების გამო მისი შვილი ვეღარ გადაარჩინეს. 


close დახურვა