logo
ENG



გაბუნიას თქმით, კომენდანტის საათის საკითხს მაისის ბოლოს გადახედავენ

11 მაი 202113:18
3 წუთის საკითხავი
 
გაბუნიას თქმით, კომენდანტის საათის საკითხს მაისის ბოლოს გადახედავენ
თბილისის მერია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას დაპირებით, საკოორდინაციო საბჭო კომენდანტის საათის საკითხს მაისის ბოლოს გადახედავს, მაშინ, როცა "პიკი შემსუბუქდება". მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ღამით გადაადგილების რეგულაციის გადავადება არ განიხილება. 

"დღეს ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, რომ კომენდანტის საათის გადავადებაზე ვიფიქროთ. გვესმის ეს სირთულეები, არის ამაზე მსჯელობა. როგორც კი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს, ვფიქრობ, მაისის ბოლოსკენ, როდესაც პროგნოზულად ის პიკი, რაც გვაქვს და მაისის მეორე ნახევარში უკვე უნდა შემსუბუქდეს, შემდეგ გადავხედავთ ამ გადაწყვეტილებას", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

ე.წ კომენდანტის საათი საქართველოში 2020 წლის 9 ნოემბრიდან, უკვე ნახევარი წელია მოქმედებს. თავდაპირველად გადაადგილება ქვეყნის დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში შეიზღუდა. მაშინ მოქალაქეებს გარეთ გასვლა 22:00-დან 05:00-მდე ეკრძალებოდათ. გამონაკლისი არჩევნების მე-2 ტურის დროს დაუშვეს, როდესაც შეზღუდვა 2 ღამით გაუქმდა.

მოგვიანებით, არჩევნების მეორე ტურიდან რამდენიმე დღეში, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა უფრო გაამკაცრა და გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან აამოქმედა.

გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი კიდევ 2-ჯერ, ახალ წელსა და მართლმადიდებლური შობის ღამეს მოიხსნა. გადაადგილების შეზღუდვა საქართველო-ესპანეთს შორის გამართული საფეხბურთო მატჩის დროსაც შემსუბუქდა და მხოლოდ ბილეთების მქონე პირებს შეეხო.

ბოლო შემსუბუქება მართლმადიდებლური აღდგომის ღამესაც განხორციელდა, როდესაც გადაადგილების შეზღუდვა 3 საათით ნაკლები დროით მოქმედებდა. კერძოდ, კი ე.წ. კომენდანტის საათი 23:00 საათიდან 04:00 საათამდე მოქმედებდა. აღსანიშნავია, რომ ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით არა ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, როგორც რიგითი მოქალაქეების ისე ბიზნეს სექტორის მიერ, თუმცა ხელისუფლება გადაადგილების შეზღუდვის შემსუბუქებას არ აანონსებს.


close დახურვა