მშობელთა უმეტესობა სკოლებში დისტანციური სწავლებით უკმაყოფილოა. ეს უკმაყოფილება შესაძლოა კიდევ უფრო გამძაფრდეს, რადგან განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებას არც 2020-2021 სასწავლო წლისთვის გამორიცხავს.
რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე გამომცემლებმა განათლების სამინისტროსგან სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის ელექტრონული რესურსების შექმნის რეკომენდაცია მიიღეს. გამომცემლების თქმით, ეს რეკომენდაცია სექტემბრისთვის სკოლების ელექტრონული სწავლებისთვის მომზადებას ითვალისწინებს.
„ფორმულასთან“ საუბრისას განათლების სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ ონლაინ სწავლება საგანმანათლებლო პროცესში ერთადერთი და საუკეთესო გამოსავალი არ არის და ფიქრობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან ბევრად მეტი ქმედითი ნაბიჯია საჭირო იმისთვის, რომ განათლების არსებული სისტემა სექტემბერში ახალ გამოწვევებს უფრო მომზადებული შეხვდეს.
განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ გამომცემლებისთვის სახელმძღვანელოების ონლაინ პლატფორმის შექმნის რეკომენდაციას, დისტანციურ სასწავლო რეჟიმთან კავშირი არ აქვს. თუმცა, მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის თქმით, სამინისტრო ყველა შესაძლო სცენარს განიხილავს და ეპიდემიოლოგების მითითებების მიხედვით იმოქმედებს.
რა ფორმატით დაიწყება სწავლა სექტემბერში - ამ კითხვაზე საზოგადოებას დღეს კონკრეტული პასუხი არ აქვს. განათლების სამინისტროში არც იმას გამორიცხავენ, რომ სასწავლო პროცესი 15 სექტემბრის ნაცვლად, უფრო გვიან დაიწყოს.