logo
ENG



გადაადგილების შეზღუდვა და კომენდანტის საათი - აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამკაცრდა

10 აპრ 202020:31
3 წუთის საკითხავი
 

 

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალ შეზღუდვებს აწესებს - მათ სახლების დატოვება ეკრძალებათ. გადაადგილების უფლება მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუკი პროდუქტების ყიდვა, ან სამედიცინო მომსახურება დასჭირდებათ. ისინი, ვინც აფხაზეთში შექმნილ ვითარებას კარგად იცნობს აცხადებენ, სიტუაცია ოკუპირებულ რეგიონში მძიმეა. ადგილობრივ ექიმებს არ აქვთ სამედიცინო აღჭურვილობა, ვერ ხერხდება დიაგნოზის დასმაც, რაც შეუძლებელს ხდის ინფიცირებულთა რეალური რაოდენობის დადგენას. მას შემდეგ კი, რაც რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა, საქართველო- რეგიონის მოსახლეობისათვის ერთადერთი იმედია.

წესების დარღვევის გამო გათვალისწინებულია 3 ათასი რუბლის ჯარიმა. გაგრაში მოქმედებს კომენდანტის საათი. 

ადგილობრივი პაატა დავითაია ყვება, რომ იქ არ არის საკმარისი სამედიცინო აღჭურვილობა და შესაბამისად მომზადებული პერსონალი. ოკუპირებული რეგიონი დახმარებას არც რუსეთიდან იღებს რომელიც მთლიანად არის დამოკიდებული. პაატა დავითაია კონკრეტულ შემთხვევაზეც ყვება, როცა კრიმინალურმა დაჯგუფებამ ქართველებისთვის გაგზავნილი დაცვის საშულებები გაიტაცა. 

კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი სისტემურ პრობლემებზე ლაპარაკობს. ის ამბობს, რომ ზომების გამკაცრება ადგილობრივების მიერ კანონის უგულებელყოფამ გამოიწვია. კონფლიქტოლოგი არ გამორიცხავს რომ აფხაზეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ოფიციალურ მონაცემებზე გაცილებით მეტი იყოს. ამის მიზეზი კი რუსეთიდან დიდი რაოდენობით მოქალაქეების შესვლას ასახელებს. 

აფხაზეთში რომ ვითარება რთულია, აგუძერის საავადმყოფოს ექიმიც ლაპარაკობს. ზურაბ აჩბა ამბობს, რომ პანდემიისთვის მოუმზადებელი არიან ექიმებიც და დე ფაქტო ხელისუფლებაც. ინფიცირებულების გამოვლენა კი ვერ ხერხდება.

„ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების დახმარების პასუხისმგებლობა სრულად უნდა აიღოს საქართველოს ხელისუფლებამ,“ - მიჩნიათ ოპოზიციაში. სოციალური დახმარების გარდა, კი პოლიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ შექმნილი ვითარება ხელისუფლებამ ურთიერთობების დასაახლოებლადაც უნდა გამოიყენოს. 

არის თუ არა დახმარების კონკრეტული პაკეტები გათვალისწინებული ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის? - ამ საკითხებზე კომენტარი არც უმრავლესობის წევრებს და არც მთავრობის წარმომადგენლებს გაუკეთებიათ.


close დახურვა