logo
ENG



გადავკეტავ ქუჩას - ისნის მოსახლეობა საკარანტინო ზონის მოწყობას აპროტესტებს

11 მარ 202007:33
3 წუთის საკითხავი
 

რეისის დაშვების შემდეგ იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში, ისნის რაიონში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მოათავსეს. მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი კი მათ სიახლოვეში ყოფნას აპროტესტებს. ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ ახლოს განთავსებული საკარანტინო ზონა მათ ჯანმრთელობას საფრთხის წინაშე აყენებს.

"ჩვენც რისკფაქტორში ვართ. ბავშვები გვყავს, რომლებიც ეზოში ჩადიან, ამიტომ რამდენად დაცულები ვიქნებით, არ ვიცით. კარგი იქნებოდა, სხვა ზონაში გადაეყვანათ. გვესმის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან",-აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები თეა ჟღენტი. 

არსებული ვითარების გამო, მოსახლეობა არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავს. იმ შემთხვევაში, თუ საკარანტინო ზონის ლოკაცია არ შეიცვლება, ისინი უკიდურესი ზომების მიღებას აანონსებენ. 

"არ მაქვს გარანტია, რომ ბავშვს სკვერში გავუშვებ და აქედან რამე საშიშროება არ მომივიდა. მაშინ მე ჩემი კორპუსიდან უნდა გავიდე და წავიდე სხვაგან. პირველი დავდგები და გადავკეტავ ქუჩას. არ დავუშვებთ, რომ საშიშროების წინაშე დავდგეთ",-ამბობს დარეჯან აბრამიშვილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი კი მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ საკარანტინო ზონის საცხოვრებელი კორპუსების მახლობლად განთავსება, მათ ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. 

"ამ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ ერთმანეთის სოლიდარული. როგორ შეიძლება გაპროტესტება?! სადაც ისინი მოთავსდებიან იქ ყველა პირობაა დაცული, რომ ინფექცია არ გავრცელდეს. შესაბამისად ამ სამსახურებს გავლილი აქვთ ბიო დაცვისა და უსაფრთხოების კურსები. მოსახლეობისთვის ეს საშიშროებას არ წარმოადგენს. ეს დაავადება ჰაერით არ გადადის, ამიტომ მეზობლებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს",-განმარტავს გამყრელიძე. 


close დახურვა