საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
"ყველაზე მეტად ვევედრები ღმერთს არ გამატარებინოს წუთისოფელი, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მტრობისგან, ზიზღისგან, სიძულვილისგან თუ შიშისგან ისე არ გავბოროტდე, რომ დავემსგავსო მათ ვისაც დღეს შეუძლიათ ადამიანურად მოქცევა და ამას არ აკეთებენ… #გადაიყვანეთ!!!", - წერს ნიკოლოზ რაჭველი.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების მომენტიდან ის შიმშილობს - უკვე 44-ე დღეა.
8 ნოემბერს სააკაშვილი რუსთავის მე-12 ციხიდან გლდანის მე-18 ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს - ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში მოთავსებას ითხოვდა და ამ დრომდე ითხოვს.
გადაყვანის პროცესში მიხეილ სააკაშვილს მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, პატიმრებმა კი დამცირების მიზნით ე.წ შუმოკი მოუწყვეს.
ექიმების და ენმ-ის წევრების განცხადებით, ციხის დაწესებულება არ არის საავადმყოფო და იქ არ არის სამედიცინო აღჭურვილობა. როგორც ეკა ხერხეულიძემ თქვა, მიხეილ სააკაშვილს შეურაცხყოფას აყენებენ სხვა პატიმრები მაშინ, როცა ის საკნის ფანჯარას აღებს და ფიზიკურთან ერთად, ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდის.