გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, დახურულ კარს მიღმა მსჯელობდნენ.
საყოველთაო დაუმორჩილებლობა, აქციები და საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება - ეს ხელისუფლების ოპონენტების ძირითადი სამოქმედო მონახაზია, თუმცა კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, როგორი ფორმით და შემადგენლობით გავა ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებზე.
ცნობილი ხდება, რომ თბილისში მაჟორიტარი კანდიდატები უკვე შეთანხმებულია. ოპოზიციური პარტიები ოლქებში მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდებიან და ერთმანეთის წინააღმდეგ კანდიდატებს არ დააყენებენ.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 4 აპრილს, 16:00 საათზე, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართება, სადაც საარჩევნო სტრატეგიას წარადგენენ.
„პირველი ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება - რეგიონებში გასვლა, იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ დაველაპარაკოთ საქართველოს მოქალაქეებს და ავუხსნათ რა მნიშვნელობა აქვს მათ აქტივობას. მეორე - რეგიონებში გასვლა მოემსახურება ამოცანას, რომ 4 აპრილს, 4 საათზე, გვექნება ძალიან დიდი აქცია, სადაც გამოვაცხადებთ ჩვენი საარჩევნო კამპანიის სტრატეგიას და ჩვენი მოქმედების ტაქტიკას. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არი ის, რომ ყველა დგას ერთ აზრზე - სასწრაფოდ უნდა დავამთავროთ დაწყებული კონსულტაციები იმისთვის, რომ მაქსიმალურ რაოდენობაში მაჟორიტარული ოლქების ოპოზიციას ჰყავდეს ერთიანი კანდიდატი და ის არ უნდა განიცდიდეს კონკურენციას სხვა ოპოზიციური პარტიებიდან. ის უნდა იყოს დაპირისპირებული „ქართულ ოცნებასთან“, იმისათვის, რომ 1 ხმაც არ მიიღოს „ოცნებამ“. ასევე ყველას აზრია, რომ ვინც ამაზე უარს იტყვის, ის თამაშობს „ოცნების“ თამაშს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, საქართველოს პოლიტიკური სპექტრი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანდა და ეს მანამ გაგრძელდება, სანამ მმართველი გუნდი ხელისუფლებას არ დატოვებს.
„ხელისუფლებამ მიიღო ის, რაც დაიმსახურა. ერთიანი საკონსულტაციო ფორმატის გადაწყვეტილებით, სადაც შედის ყველა პოლიტიკური პარტია ჩვენი ქვეყნისა მინუს „ოცნება“, მიღებულია გადაწყვეტილება, 4 აპრილს, 4 საათზე ჩატარდეს დიდი მიტინგი რუსთაველის პროსპექტზე, სადაც გამოცხადდება ხელისუფლების შეცვლის სტრატეგიული გეგმა, რეჟიმის შეცვლის ძალიან მოკლევადიანი ფორმატი. ხედავთ რომ ერთად არის მთელი საქართველოს პოლიტიკური სპექტრი. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ მოვიცილებთ ამ გველეშაპებს“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.