გაეროს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანა ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ხელმძღვანელი ფილიპო გრანდი ავრცელებს.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს სპიკერის შაბია მანტუს ინფორმაციით, მათი უდიდესი ნაწილი, დაახლოებით 281 000 უკრაინელი, მეზობელ პოლონეთში გადავიდა, 84 500 უნგრეთში, 36 400 მოლდოვაში, 32 500 რუმინეთში, ხოლო 30 000 სლოვაკეთში.
ევროკავშირის ქვეყნებიდან უკრაინას სახმელეთო საზღვარი პოლონეთთან, რუმინეთთან, სლოვაკეთთან და უნგრეთთან აქვს.
ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ევროკავშირი მზადაა იძულებით გადაადგილებულ უკრაინელებს ბლოკის ქვეყნებში 3 წლამდე ვადით დარჩენისა და მუშაობის უფლება მისცეს.
"ჩვენი მოვალეობაა შევიფაროთ ისინი, ვინც ომს გამოექცა", - განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა.
დარმანინმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უკვე მიმართა ევროკომისიას, დაიწყონ მუშაობა ლტოლვილი უკრაინელებისთვის უსაფრთხოების დაცვის დოკუმენტზე.
მინისტრები დეტალებზე სასაუბროდ ხუთშაბათს კვლავ შეიკრიბებიან.
ევროკავშირმა დროებითი დაცვის დირექტივა 1990-იან წლებში, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში კონფლიქტის შემდეგ შეიმუშავა, მაგრამ ამ დრომდე არასდროს გამოუყენებია.
ეს დირექტივა იძულებით გადაადგილებული ადამიანებისთვის ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში 1-დან 3 წლამდე ბინადრობის უფლების გარდა, დასაქმებაზე, სოციალურ პროგრამებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობასაც ითვალისწინებს.