logo
ENG



გაერო ნინოწმინდაზე: ვიმედოვნებთ, სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება ყველა ბავშვზე

11 ივნ 202116:41
3 წუთის საკითხავი
 
გაერო ნინოწმინდაზე: ვიმედოვნებთ, სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება ყველა ბავშვზე

გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და იმედოვნებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებებში მყოფ ყველა ბავშვზე

გაერო გმობს ბავშვთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობას და სასტიკად მოპყრობას. ასევე ორგანიზაცია გმობს, მცდელობას, რომელიც ხელს უშლის ომბუდსმენს მოვალეობის შესრულებაში. 

"აღსანიშნავია სასამართლოს გადაწყვეტილება ნინოწმინდის სკოლა-პანსიონატიდან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში, მინდობით აღზრდაში ან მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებში განთავსებასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება გავრცელდება დაწესებულებებში მყოფ ყველა ბავშვზე, ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისად", - წერია განცხადებაში. 

ამასთანავე, ბავშვის უპირატესი ინტერესიდან გამომდინარე, გაერო ყველა მონაწილე მხარეს მოუწოდებს, რომ დეინსტიტუციონალიზაციის ყველა ეტაპზე პატივი სცენ ბავშვებისა და მათი ოჯახების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, კონვენციის მე-16 მუხლის შესაბამისად. 

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მყისიერი და მკაცრი ზომების გატარება დეინსტიტუციონალიზაციის დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და დამტკიცებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ბავშვთა მოვლის სერვისების გაუმჯობესებას და ოჯახისა და თემის მხარდამჭერი ალტერნატიული მომსახურებების გაძლიერებას.

"ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ შეიქმნას სათანადო მექანიზმი, რომელიც ბავშვთა კეთილდღეობისა და უფლებების უზრუნველსაყოფად ზედამხედველობას გაუწევს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამასთანავე, ინსტიტუციებში მოთავსებული ბავშვებისთვის უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური გეგმები. გეგმების შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, სასურველია, ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი სოციალური მუშაკებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისგან (ფსიქოლოგებისა და თერაპევტების ჩათვლით), იმისათვის, რომ ბავშვებმა სრულფასოვანი დახმარება მიიღონ.

ასევე აუცილებელია სპეციალური ძალისხმევა ოჯახის მხარდამჭერი მექანიზმებისა და მათ შორის, ბავშვთა დაცვის სისტემის და სოციალური უზრუნველყოფის პროცედურების გაუმჯობესებისთვის. დაბოლოს, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები მონიტორინგის განმახორციელებელი შესაბამისი  უწყებების კონსტიტუციური მანდატის განხორციელებაში შესაძლო ჩარევის აღმოსაფხვრელად და გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ბოლოდროინდელი მოთხოვნის შესასრულებლად", - ამბობენ გაეროში. 

ნინოწმინდის პანსიონი საპატრიარქოს ექვემდებარება და მას სხალთელი ეპისკოპოსი სპირიდონი მართავს. სახალხო დამცველი წლებია ლაპარაკობს საპატრიარქოს დაქვემდებარებულ პანსიონებში სავარაუდო ძალადობასა და დასჯის სასტიკ მეთოდებზე, თუმცა, ხელისუფლებას ამ პრობლემის მოსაგვარებლად სათანადო ნაბიჯები არ გადაუდგამს. პანსიონის ბენეფიციარები თავადაც ლაპარაკობენ დასჯის სასტიკ მეთოდებზე. საუბრობენ მუდმივად ცემაზე, მათ შორის სკამის ფეხებით და საზურგეებით. ასევე, დასჯის მეთოდად ასახელებენ კვების გამოტოვებას და სხვა ბავშვების ჭამის ყურების იძულებას და ცივი წყლით დაბანას. 

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს, გამოიტანა განჩინება, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონიდან შშმ ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა გამოიყვანონ და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში გადაიყვანონ: მიმღებ ოჯახებში, მცირე საოჯახო ტიპის თავშესაფრებში ან დაბრუნდნენ ოჯახებში. 

პანსიონში შესვლის უფლებას ომბუდსმენს ამ დრომდე არ აძლევენ.


close დახურვა