გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.
ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, საქართველოს რეზოლუციას 2026 წლის სესიაზე 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
ხმის მიცემისგან 55-მა სახელმწიფომ შეიკავა თავი, მათ შორის, ჩინეთმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ირანმა, საუდის არაბეთმა, შვეიცარიამ, ისრაელმა. 8 ქვეყანამ კი ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა - რუსეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ნიკარაგუა, სუდანი, ეკვატორული გვინეა, ბელარუსი, ბურუნდი.
"საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლის მაისიდან წარადგენს და, მისი მიზნებიდან გამომდინარე, ჰუმანიტარული ხასიათისაა. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.
ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაერო-ს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარებისა და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების არარსებობის ფონზე.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების პროცესს", - აღნიშნულია ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
