გაეროს ადამიანის უფლებათა მისიის ხელმძღვანელი უკრაინაში მატილდა ბოგნერი ამბობს, რომ რუსეთი სამხედრო ტყვეებთან მისიის დამკვირვებლებს არ უშვებს. ამის შესახებ მან ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მისიას აქვს მტკიცებულებები იმისა, რომ რამდენიმე ტყვე წამებისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლია.
"ეს მით უფრო შემაშფოთებელია, რადგან ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ სამხედრო ტყვეები ექვემდებარება წამებასა და არასათანადო მოპყრობას", - თქვა ბოგნერმა.
მისიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ტყვეების მიმართ ძალადობა სამხედრო დანაშაულია. რუსეთული სარდლობა კი უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ სასტიკ მოპყრობას უარყოფს.
რაც შეეხება დამკვირვებლების არშეშვებას, კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ვერაფერს შეაფასებს, რადგან რუსეთის ხელისუფლებას საკმარისი ინფორმაცია არ აქვს.
"არ ვიცით, ვინ მიმართავდა სამხედროებს და მიმართეს თუ არა საერთოდ", - თქვა მან.
ამავე დროს, ბოგნერმა განაცხადა, რომ გაეროს დამკვირვებლებს შეუფერხებელი წვდომა აქვთ უკრაინულ ობიექტებზე, სადაც რუსი ტყვეები იმყოფებიან. როგორც აღნიშნული იყო, იქაც გამოვლინდა ტყვეების მიმართ არაადამიანური მოპყრობის შემთხვევები.