გაეროს სამშვიდობო ძალები ლიბანში (UNIFIL) სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, "ორივე მხარეს" თავშეკავებისკენ მოუწოდებს. განცხადების თანახმად, მათი სამშვიდობოები საკუთარ პოზიციებზე რჩებიან და კოორდინაციაში არიან ორივე მხარის ხელისუფლებასთან.
"ჩვენ ვუკავშირდებით ხელისუფლებებს ორივე მხარეს, ყველა დონეზე, რათა თავიდან ავიცილოთ უფრო სერიოზული ესკალაცია. ჩვენი სამშვიდობოები რჩებიან თავიანთ პოზიციებზე და აგრძელებენ მუშაობას.
მოვუწოდებთ ყველას, გამოიჩინონ თავშეკავება და გამოიყენონ UNIFIL-ის მექანიზმები დეესკალაციისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს ლიბანურმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ჰეზბოლამ ლიბანის საზღვართან ახლოს, სადავო ტერიტორიაზე ისრაელის სამხედროებს ცეცხლი გაუხსნა. როგორც დაჯგუფების წარმომადგენლებმა Al Jazeera-სთან განაცხადეს, მათ შეტევისთვის საარტილერიო ჭურვები გამოიყენეს.
მას შემდეგ, რაც ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰეზბოლამ აიღო, საპასუხო ცეცხლი გახსნა ისრაელმაც. ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ მათ ცეცხლი გაუხსნეს სამხრეთ ლიბანის ტერიტორიებს, სადაც ჰეზბოლას პოზიციები აქვს გამაგრებული.