logo
ENG



გაეროს უშიშროების საბჭომ აგვისტოს ომი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია განიხილა

16 აგვ 202214:43
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/16/a9p3hm6l1mkyp54.jpg

16 აგვისტოს გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული სხდომა გაიმართა, რომელზეც 2008 წლის ომი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაც განიხილეს. 

სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა  რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მოახდინოს დროული რეაგირება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება. 

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის საქართველოში რუსეთის ომი და ოკუპაციის საკითხი ბოლო მომენტში დაემატა, რამაც რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლობაში გაურკვევლობა და უკმაყოფილება გამოიწვია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკის, საფრანგეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, ალბანეთის, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და თქვეს, რომ  2008 წელს საქართველოში რუსეთის ომი იყო კრემლის აგრესიული პოლიტიკის დასაწყისი არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნების, არამედ ევროპის უსაფრთხოების მიმართაც.

"საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესია 2008 წელს, იყო საწყისი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ტენდენციისა, მის მეზობელ ქვეყნებთან და ევროპის უსაფრთხოებასთან მიმართებაში. სწორედ ეს არის ის, რასაც დღეს უკრაინაში ვხედავთ. ეს არის გზა, რომელიც რუსეთმა განაგრძო. ჩვენ მტკიცედ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევებს. ვგმობთ რუსეთის უკანონო შეჭრას საქართველოში და სამხედრო მობილიზებას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, იქნება ეს აფხაზეთი თუ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, რომლებიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია."- განაცხადა ალბანეთის ელჩმა, ფერიტ ხოჯამ. 

გაეროში ამერიკის, საფრანგეთის, ირლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის, ალბანეთის, იაპონიისა და მალტის წარმომადგენლობის აზრით მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და შესრულდეს 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. გაერო მოუწოდებს რუსეთს გააუქმოს მის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების სახელმწიფოებად აღიარება.

"ჩვენ ვიმეორებთ 14 წლის წინანდელ მოწოდებას და მოვუწოდებთ რუსეთს გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება"- განაცხადა ალბანეთის ელჩმა.  

გაეროს უშიშროების საბჭოს დახურული შეხვედრის დაწყებამდე  გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ,  დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ  გაეროში რუსეთის წარმომადგენლობა წინააღმდეგი იყო უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განხილულიყო.

მისივე განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში ადგილი ჰქონდა დიდ პროვოკაციას სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან და არსებულ სიტუაციაში  გარე ძალებიც დიდ როლს თამაშობდნენ. პოლიანსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია დასავლეთის ქვეყნების ბრალი იყო.

"უშიშროების საბჭომ უნდა განიხილოს სადამდე შეუძლია ქვეყნის მიყვანა გარე ძალების, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს ბლოკის ინტერვენციებს და ჩარევებს. საქართველომ ცოტათი გადაიარა ეს საშინელი პერიოდი. მაგრამ არის კიდევ ერთი ქვეყანა უკრაინა, სადაც ზელენსკის რეჟიმი ასევე მოექცა იგივე ხაფანგში და ვნახოთ რა შედეგი დადგება ამ ყველაფრიდან უკრაინისთვის."- თქვა პოლიანსკიმ


close დახურვა