logo
ENG



გავლენიანი ოდირის დასკვნა პოლიტიკური თავდასხმების მიზეზი გახდა

06 თებ 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

გავლენიანი ოდირის დასკვნა პოლიტიკური თავდასხმებისა და ოპონენტებზე ახალი შეტევის მიზეზი გახდა. ბიძინა ივანიშვილის გუნდი ოპოზიციას კომპეტენციას უწუნებს, სახალხო დამცველს მსხვერპლს უწოდებს და აცხადებს, რომ საარჩევნო პროექტზე ეუთო/ოდირის მიერ მომზადებული დოკუმენტი პარტიების შეთავაზების კონსტიტუციურობას ვერ ადასტურებს. დასკვნაში ორგანიზაცია წერს, რომ 30 პარტიის მიერ შემუშავებული და სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი მოდელი ორგანულ კანონში ცვლილებას და უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერას მოითხოვს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სწორედ ეს ჩანაწერი ადასტურებს მათ მიერ შემუშავებული ვარიანტის შესაბამისობას კანონთან და იმასაც, რომ ამ მოდელის მისაღებად კონსტიტუციის შეცვლა საჭირო არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია -  ეუთოს დასკვნამ "ქართული ოცნება" იმდენად გააღიზიანა, რომ მათი რიტორიკა დღეს ახალი აგრესიით დაიტვირთა - ბიძინა ივანიშვილის გუნდმა ოპონენტებს პოლიტიკური პანაშვიდი და ოპოზიციის რადარებიდან გაქრობა დაუანონსა. 

აღსანიშნავია, რომ საგანგებო ბრიფინგზე ირაკლი კობახიძეს კომპრომისი საერთოდ არ უხსენებია, საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნიდან მხოლოდ სასურველი აბზაცები ამოიკითხა - ამონარიდი სადაც ეუთო/ოდირი ქვეყანას საშუალებას აძლევს საარჩევნო სისტემა თავად შეარჩიოს. მმართველი  გუნდის ლიდერებმა ოპოზიცია ჯერ არაკომპეტენტურობაში, შემდეგ კი სახალხო დამცველზე  ზეწოლაში დაადანაშაულეს. ბოლოს კი ულტიმატუმიც  წაუყენეს - თუ პოლიტიკური პარტიები 50-100-ზე მანდატების გადანაწილებას არ დასთანხმდებიან, არჩევნები მოქმედი სისტემით ჩატარდება.

ეუთო/ოდირს ამა თუ იმ კანონის კონსტიტუციურობაზე არაერთხელ უმსჯელია, მათ შორის იყო მოლდოვის მაგალითი სადაც საერთაშორისო ორგანიზაციამ პირდაპირ თქვა, რომ პროექტი კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ იყო. საქართველოს შემთხვევაში ეს ასე არ მოხდა. თუმცა დასკვნაში ჩაიწერა, რომ ე.წ. გერმანულ მოდელზე გადასვლას საკონსტიტუციო ცვლილება არ სჭირდება და ის მარტივი უმრავლესობითაც შესაძლებელია. ეუთო/ოდირი იძლევა ექვს ტექნიკურ რეკომენდაციას საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებისთვის.... 

ის რაც დასკვნაში „ოცნების" გარდა ყველამ ერთნაირად ამოიკითხა - კონსესუსიკენ მოწოდება იყო. მესამე სექტორი ხელისუფლებას მიმართავს - თარგმანით სპეკულაციებს თავი დაანებოს. იურისტებმა განსაკუთრებით დოკუმენტის მეცხრამეტე პუნქტი აღნიშნეს- სადაც წერია, რომ მაჟორიტარულ ნაწილში ოლქები შესაძლოა იყოს ერთმანდატიანი და ასევე მრავალმანდატიანიც - ის, რასაც ოპოზიცია კომპრომისულ კანონპროექტში ითხოვს.

ე.წ. გერმანული მოდელი 30-მდე პოლიტიკურმა პარტიამ ერთად შეიმუშავა. ის ჯერ პარლამენტში დაარეგისტრირეს, შემდეგ კი ეუთო/ოდირს გადაუგზავნეს. ორგანიზაციის დასკვნამ პოლიტიკური დაპირისპირება განმუხტვის ნაცვლად გაართულა....


close დახურვა