logo
ENG



გავრილოვი: მელიასგან სიცრუე იღვრება, ოპოზიციის მიზანია, გაართულონ ურთიერთობა მეზობლებთან

15 თებ 202118:03
3 წუთის საკითხავი
 
გავრილოვი: მელიასგან სიცრუე იღვრება, ოპოზიციის მიზანია, გაართულონ ურთიერთობა მეზობლებთან

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას  სავარაუდო დაპატიმრებას ეხმაურება და საქართველოს ხელისუფლების მხარდამჭერ განცხადებას აკეთებს, რომელმაც 2019 წლის 20 ივნისის ღამეს გამართული მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. 

ტვ პირველთან ინტერვიუში გავრილოვმა თქვა, რომ ოპოზიცია საქართველოს იმიჯის შელახვას ცდილობს. საპროტესტო აქცია მან "გადატრიალებად" მოიხსენია :

"საქართველოში მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, ამბოხებები, რეპრესიები და დიქტატურა. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებებლობის და სუვერენიტეტის სასარგებლოდ.

ოპოზიციის და გადატრიალებაში მონაწილეების ერთერთი მიზანია მაქსიმალურად გაართულონ და გაწყვიტონ საქართველოს ურთიერთობა თავის ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ მას მეგობრები, რადგან ის სიცრუე, რომელიც ბატონ მელიას ინტერპრეტაციით ვრცელდება, რომელსაც მე არც კი ვიცნობ, ადასტურებს რომ ისინი სიცრუის ხარჯზე ცდილობენ, მაქსიმალურად მოახდინონ საქართველოს იმიჯის დისკრედიტაცია, მისი მეზობლების თვალში", - განაცხადა სერგეი გავრილოვმა.

2019 წლის 20 ივნისს რუსი კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში ეწვია და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. ამას მასშტაბური პროტესტი მოჰყვა, მრავალათასიანი საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დაარბია.


close დახურვა