logo
ENG



გავრილოვი: საჭიროა, საქართველო-რუსეთს შორის სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები აღდგეს

20 იან 202316:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/20/xwk6q8im7acwc8u.jpg

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი რუსულ გამოცემა NEWS.ru-სთან აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები უნდა აღდგეს.

 გავრილოვის თქმით, საქართველოში რუსეთის საელჩოს და საკონსულო მომსახურების არსებობა ქვეყანაში მყოფ რუსეთის მოსახლეობასთან კონტაქტების და შესაძლებლობების გაზრდაში დაეხმარება.

„თუ გავითვალისწინებთ უკრაინის საკითხზე საქართველოს დამოუკიდებელ პოზიციას და მის დამოკიდებულებას რუსეთის წინააღმდეგ წამოწყებული სასანქციო ომზე, საჭიროა, აღდგეს არა მხოლოდ საჰაერო მიმოსვლა, არამედ სრულფასოვანი დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის. საელჩოსა და საკონსულო მომსახურების არსებებო გააფართოებს ჩვენს კონტაქტებსა და შესაძლებლობებს, რომ მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ საქართველოში ჩვენს მოქალაქეებს“ - განაცხადა გავრილოვმა.

მისი თქმით, ურთიერთობების აღდგენა ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარებისთვის სასარგებლო იქნება.

„უნდა გაიზარდოს ავიაკომპანიების რიცხვი, მათ შორის მეგობრული ქვეყნებიდან, რომლებიც უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას საქართველოსა და რუსეთს შორის“ - განაცხადა დეპუტატმა.

რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების დროებითი აკრძალვა ძალაში 2019 წლის 8 ივლისიდან შევიდა. გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 20 ივნისს თბილისში კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტის შემდეგ მიიღო. ამავე, დღეს რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ქართული ავიაკომპანიების რუსეთში ფრენების შეჩერების შესახებ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 2023 წლის 18 იანვარს მოსკოვში გაამრთულ პრესკონფერენციაზე იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი საჰაერო ავიამიმოსვლა მალე აღდგება.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხებს შორის კონტაქტი აქტიურად ვითარდება. გასულ წელს, როგორც მითხრეს, საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 10%-ით გაიზარდა, ტურიზმისა და რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების დამსახურებით. იმედი მაქვს, ჩვენ მალე შევძლებთ განვაახლოთ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა", - თქვა ლავროვმა.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი ამავე დღეს განაცხადა,  რომ რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენა მისასალმებელი იქნება.

მისი თქმით, რუსეთში მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს, რომლებისთვისაც რუსეთთან პირდაპირი ფრენები მნიშვნელოვანია.

"გახსოვთ, რომ 2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების შეწყვეტის თაობაზე, ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა, მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ჩვენი თანამოქალაქე, ეთნიკურად ქართული, ასევე ეთნიკურად აზერბაიჯანელები და სომხები, ჩვენი თანამოქალაქეები და რა თქმა უნდა, მათ ძალიან გაურთულა 2019 წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ პირობები და მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და ეს მისასალმებელი იქნება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა