logo
ENG



გავრცელებული ინფორმაციით, პრიგოჟინის თვითმფრინავი მინსკთან დაეშვა

27 ივნ 202310:54
3 წუთის საკითხავი
 

თვითმფრინავი Embraer 600 ბორტის ნომრით RA-02795, რომლითაც გავრცელებული ინფორმაციით, ვაგნერის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი სარგებლობს, 27 ივნისს, 07:40 საათზე მინსკთან, სამხედრო აეროდრომზე დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას პროექტი "Беларускі Гаюн" ავრცელებს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო აქტივობას აკვირდება.

18 წუთის შემდეგ იმავე ადგილას დაეშვა კიდევ ერთი კერძო თვითმფრინავი სარეგისტრაციო ნომრით RA-02878, რომელიც მანამდე, როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია, სანქტ-პეტერბურგიდან გამოფრინდა.

წინა დღეს გამოცემა iStories-მა და OCCRP გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თვითმფრინავმა Embraer-მა, რომელსაც ადრე პრიგოჟინი იყენებდა, 25 ივნისს სანქტ-პეტერბურგიდან გამოფრინდა სამხრეთ-აღმოსავლეთით, გამორთო ტრანსპონდერი ვოლგოგრადის ოლქის თავზე, საღამოს კი პეტერბურგში დაბრუნდა.

ამ თვითმფრინავმა, როგორც ჟურნალისტები წერენ, ბორტის ამჟამინდელი ნომერი 2020 წელს მიიღო - მას შემდეგ რაც რუსეთში დარეგისტრირდა. მანამდე თვითმფრინავი M-SAAN ნომრით დარეგისტრირებული იყო მენის კუნძულზე და, როგორც Novaya Gazeta-სა და OCCRP-ის გამოძიებაშია ნათქვამი, პრიგოჟინი მას პირადად იყენებდა. 2019 წელს თვითმფრინავი აშშ-ს სანქციების ქვეშ მოექცა.

გუშინ დღის მეორე ნახევარში, ვაგნერის ხელმძღვანელი თავისი "სამართლიანობის მარშის" დასრულების შემდეგ პირველად გამოჩნდა თავის ტელეგრამის არხებში და პრესისთვის 11 წუთიანი განცხადება გააკეთა. სად და როდის გაკეთდა ჩანაწერი, უცნობია, ისევე როგორც თავად პრიგოჟინის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი. კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა შაბათს განაცხადა, რომ თავად პრიგოჟინი "ბელარუსში გაემგზავრება".


close დახურვა