გაზეთი ბათუმელები აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქალაქში რუსული კერძო სკოლა გაიხსნა, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან.
გამოცემის ინფორმაციით, სკოლა მელიქიშვილის ქუჩაზე, №57ა-ში მდებარეობს. მისი დირექტორი ნატალია გეორგიევაა. სკოლა რუსულენოვან მოსწავლეებს პირველიდან მეშვიდე კლასამდე სწავლებას სთავაზობს.
ბათუმელებს სკოლაში უთხრეს, რომ სკოლის საქმიანობა რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ ლეგიტიმურადაა ცნობილი და სკოლის მოსწავლეებიც გამოცდებს დისტანციურად აბარებენ მოსკოვსა და პეტერბურგში. მათივე თქმით, თითოეულ კლასში 7, 8 ბავშვია, ხოლო სწავლა ბათუმში თვეში 750 ლარი ღირს, თბილისში – 800 ლარი.
ამ რუსული სკოლის თბილისის ფილიალი წელს ანა პოლიტკოვსკაიას #6-შიც იხსნება.
კითხვაზე, რა ფორმითაა ეს რუსული საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოში რეგისტრირებული, სკოლის დირექტორმა ნატალია გეორგიევამ ბათუმელებს არ უპასუხა. ასევე არ უპასუხა კითხვაზე, რომელი ქვეყნის მოქალაქეა თავად.
ბათუმელების მიერ საჯარო რეესტრში მოძიებული ინფორმაციის თანახმად, ნატალია გეორგიევა რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც ინდმეწარმე "ნატალია გეორგიევა" 2019 წელს დაურეგისტრირებია. სკოლის დირექტორი ბათუმში, ფალიაშვილის №4-ში მდებარე მშენებარე კორპუსში 263.18 კვ/მ ფართობის მესაკუთრეა.
გამოცემა წერს, რომ მოგვიანებით ნატალია გიორგიევამ უარყო, რომ ეს დაწესებულება სკოლაა - მისი თქმით, ისინი რეპეტიტორულ საქმიანობას ეწევიან.
სკოლის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერია, რომ მოსწავლეებს სთავაზობენ:
- რუსულ ენაზე სწავლებას
- მოსკოვის სკოლასთან კავშირს
- გახანგრძლივებულ ჯგუფებს
- სადილს სკოლაში
- მრავალფეროვან აქტივობებს
- საზაფხულო ბანაკებს
- სკოლამდელი ასაკის ჯგუფებს
- სასკოლო ავტობუსით მომსახურებას
სკოლის ოფიციალური პარტნიორია რუსეთში მოქმედი ორგანიზაცია ЦПСО, ანუ საოჯახო განათლების მხარდამჭერი ცენტრი.
გაზეთმა ბათუმელებმა საქართველოს განათლების სამინისტროს ჰკითხა, ხომ არ მიმართა სკოლამ სახელწოდებით – School club georgia ავტორიზაციისთვის. უწყებაში განმარტეს, რომ ინდმეწარმე „ნატალია გეორგიევას“ სკოლის ავტორიზაციის მოთხოვნით არ მიუმართავს.