logo
ENG



გაზპრომში აცხადებენ, რომ 3 სექტემბერს ჩრდილოეთ ნაკადი მუშაობას ვერ განაახლებს

02 სექ 202221:20
3 წუთის საკითხავი
 

კომპანია გაზპრომის განცხადებით, გაზსადენ ჩრდილოეთ ნაკადის ერთადერთი მომუშავე ტურბინის ტექნიკურმა მომსახურებამ გაუმართაობა გამოავლინა. კომპანიაში ამბობენ, რომ მათი გამოსწორების გარეშე გაზსადენი მუშაობას ვერ დაიწყებს.

გაზსადენი რუსეთიდან გერმანიაში 31 აგვისტოს გაჩერდა, როგორც ამტკიცებდნენ, გეგმური ტექნიკური შემოწმებისთვის. მუშაობა 3 სექტემბერს 20%-იანი სიმძლავრით უნდა განახლებულიყო.

თუმცა გაზპრომი ამტკიცებს, რომ აღმოაჩინეს გაუმართაობა, რომელიც არ იძლევა გაზის ტურბინის ძრავის უსაფრთხო ექსპლუატაციას. როდის აღმოიფხვრება გაუმართაობა და როდის დაიწყებს გაზსადენი მუშაობა, გაზპრომში არ ამბობენ.

მილსადენი რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობის ფონზე აჩერებს მუშაობას. ჩრდილოეთ ნაკადი, უკრაინის ტერიტორიის გავლით მიწოდებასთან ერთად, ერთადერთ გაზსადენად დარჩა, რომლითაც რუსული გაზი ევროკავშირის ქვეყნებში გადიოდა.

გეგმური რემონტის გამო ივლისში ჩრდილოეთ ნაკადი სრულად გაჩერდა 10 დღით. ამავდროულად, გაზპრომმა გაზის მიწოდება სიმძლავრის 20 პროცენტამდე შეამცირა. მიზეზად პორტოვაიას საკომპრესორო სადგურზე Siemens-ის მეორე ტურბინის გეგმური რემონტი დასახელდა. კიდევ ერთი ტურბინა, რომელიც ჩრდილოეთ ნაკადზე გამოიყენებოდა, იმ დროისთვის კანადაში სანქციების გამო გაიჭედა. 17 ივლისს კანადამ გერმანიას შეკეთებული ტურბინა გაუგზავნა. თუმცა რუსულმა სახელმწიფო კომპანიამ უარი თქვა მის მიღებაზე ტექნიკური პრობლემების მიზეზით.

გერმანიასა და ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ ნაკადით მიწოდების შემცირება არა ტექნიკურ სირთულეებს, არამედ ევროკავშირზე ზეწოლის მცდელობებს უკავშირდება, რომელმაც ომში უკრაინას დაუჭირა მხარი.


close დახურვა