logo
ENG



გაიაშვილის თქმით, ღარიბაშვილი გერმანიაში აირზენამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა

09 სექ 202323:57
3 წუთის საკითხავი
clock 6721
2023/09/10/voac7s4w558kj56.png

Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის განცხადებით, ქვეყნის პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა. ამის შესახებ მან TV პირველის გადაცემა ნოდარ მელაძის შაბათში ისაუბრა.

როგორც გაიაშვილმა ინტერვიუში თქვა, თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა. მისივე განმარტებით, მთავრობისთვის თვითმფრინავებს ყოველთვის ანზორ ჩუბინიძე [სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი] უკვეთავს.

ამასთან, გაიაშვილის მტკიცებით, მისთვის უცნობია იყო თუ არა ღარიბაშვილის ვიზიტი მიუნხენში პირადი თუ სამსახურებრივი ხასიათის, თუმცა ამავე კონტექსტში მას მაგალითად მოჰყავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ვიზიტი გერმანიაში, რა დროსაც, გაიაშვილის თქმით, სააკაშვილმა ცხვირის ოპერაცია გაიკეთა.

რაც შეეხება თვითმფრინავის მომსახურებაში გადახდილ თანხას, აირზენას დამფუძნებელი საფასურს არ ასახელებს და ამბობს, რომ "არ იცის".

"არ ვიცი რა ჯდება... მთავრობა იხდის ფულს და მათ ჰკითხეთ. თვითმფრინავის შენახვას, მოვლას, პატრონობას სჭირდება გარკვეული ხარჯი. ფრენას ოპერატიული ხარჯი აქვს... მე არ მინახავს მთავრობა, მეტსაც გეტყვი, [მიხეილ] სააკაშვილი ცხვირის ოპერაციაზე წავიყვანე ბერლინში... არ იყო ეს პირადი საქმე? ოპერაცია ვიცით რატომ გაკეთდა. მას სჭირდებოდა ეს ოპერაცია. კაცი პრეზიდენტი იყო და ჰქონდა ამის უფლება. ახლა ჩვენს პრემიერსაც აქვს იმის უფლება, რომ გაფრინდეს პირად საქმეზეც...

[ღარიბაშვილზე] არ ვიცი პირადი საქმე იყო თუ სამსახურებრივზე, მე არ მაბარებენ, თუ რას აკეთებს მთავრობა... რაში მჭირდება ამდენი ლაპარაკი? - წავიყვანე გითხარი, დამთავრდა. პრემიერმინისტრია, თქვენ რომელიღაც ქარხნის მუშა ხომ არ გგონიათ?..

ოფიციალურ ვიზიტებზე არ გამოიყენება მხოლოდ თვითმფრინავი, გამოიყენება, სადაც საჭიროდ ჩათვლის მთავრობა", - თქვა გაიაშვილმა ტვ პირველთან ინტერვიუში.

*სამთავრობო თვითმფრინავი კომერციულ ფრენებს არ ასრულებს. ნებისმიერ მსურველს ამ თვითმფრინავის დაქირავება და სარგებლობა არ შეუძლია. ტვ პირველის ცნობით, სამთავრობო თვითმფრინავის ფრენების ისტორიაში არ იძებნება მთავრობის წევრების გარდა, ამ თვითმფრინავით გარეშე პირების სარგებლობის არც ერთი ფაქტი. თვითმფრინავი, რომელიც ღარიბაშვილმა შვებულების დროს გამოიყენა, საქართველოს მთავრობას ეკუთვნის, ხოლო თვითმფრინავს ექსპლუატაციას Georgian Airways-ი უწევს.

***

7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა - მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.


close დახურვა